Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი უტევს სამხრეთ ღაზას, იზრდება შეშფოთება ომის გაფართოებაზე


ხან-იუნისი, სამხრეთი ღაზა, 2024 წლის 4 იანვარი
ხან-იუნისი, სამხრეთი ღაზა, 2024 წლის 4 იანვარი

4 იანვარს 14 პალესტინელი ემსხვერპლა ისრაელის შეტევას ხან-იუნისზე, ღაზის სექტორის სამხრეთ სანაპიროზე, რომელიც სავსე იყო ანკლავის სხვა ადგილებიდან თავდასხმებს გამოქცეული ადამიანებით - იუწყება ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო. სააგენტო "როიტერსს" სამინისტროდან აცნობეს, რომ დახოცილებს შორის ცხრა ბავშვია.

ისრაელი ამ თავდასხმაზე განცხადებას არ ავრცელებს, თუმცა 4 იანვარს იუწყებოდა საჰაერო იერიშებსა და ბრძოლაზე ხან-იუნისში ჰამასის წინააღმდეგ, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული.

ღაზის მოსახლეობა ასევე იუწყება, რომ ანკლავის ცენტრში ისრაელის თვითმფრინავები და ტანკები ლტოლვილთა სამ ბანაკს დაესხნენ თავს, რის გამოც ბევრმა სამოქალაქო პირმა სამხრეთს მიაშურა.

მატულობს საერთაშორისო შეშფოთება, რომ კონფლიქტი შესაძლოა გასცდეს ღაზას და მოიცვას ისრაელის მიერ ოკუპირებული დასავლეთის სანაპირო, ჰეზბოლას ძალები ლიბან-ისრაელის საზღვარზე და წითელი ზღვის არხები.

XS
SM
MD
LG