Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში კაცმა ცოლი მოკლა - შსს


საილუსტრაციო ფოტო, პოლიციის ლენტი
საილუსტრაციო ფოტო, პოლიციის ლენტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევმა, 1979 წელს დაბადებულმა კაცმა ცოლი თავიანთ სახლში დანით დაჭრა და მიიმალა. პოლიციამ იგი უკვე დააკავა.

1987 წელს დაბადებული ქალი, შსს-ს ინფორმაციით, კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

არსებული ცნობით, ცოლ-ქმარი ქედის მუნიციპალიტეტის მკვიდრია და ბათუმში ქირით ცხოვრობდა, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად.

მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთის შეფარდების საკითხს ბათუმის საქალაქო სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს განიხილავს.

სახალხო დამცველის ოფისის მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის 6 თვის განმავლობაში ქალის მკვლელობის 13 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ოჯახური დანაშაულის ნიშანი 7 შემთხვევაში გამოიკვეთა. 2022 წლისგან განსხვავებით, როდესაც ქალთა მკვლელობის მცდელობების მაჩვენებელი აჭარბებდა მკვლელობის შემთხვევებს, 2023 წლის 6 თვის მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომ ქალთა მკვლელობების რიცხვი თითქმის 54%-ით აჭარბებს მკვლელობის მცდელობათა რაოდენობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის პირველ სამ თვეში, ქალთა მიმართ სხვადასხვა სახის ძალადობის 207 შემთხვევა დარეგისტრირდა. ამავე პერიოდში გამოიწერა 183 შემაკავებელი ორდერი.

რაც შეეხება 2023 წლის ფემიციდის სტატისტიკას, ეს ინფორმაცია საქართველოს პროკურატურას ჯერ არ გამოუქვეყნებია.

2022 წლის სტატისტიკის თანახმად, საქართველოში 19 ქალი მოკლეს. მათგან ოჯახში დანაშაულისა და გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით მოკლულია 10 ქალი, არაოჯახური ნიშნით - 9 ქალი.

XS
SM
MD
LG