უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამხედრო სარდლობის შემაჯამებელ სხდომაზე სამხედროებმა მას 2024 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინეს. გარდა ამისა, მან თქვა, რომ მოისმინა სამხედრო და საგარეო დაზვერვის წარმომადგენელთა ანგარიშები. უკრაინის ლიდერის თქმით, ისინი ეხებოდა სამხედრო-პოლიტიკურ მოლოდინებს და შესაძლო მოვლენებს მსოფლიოში.
„წელი შევაჯამეთ. გავაანალიზეთ საბრძოლო მოქმედებების წარმოების შედეგები და გადაწყვეტილებები. რა გავაკეთეთ სწორად და რის გაუმჯობესება შეგვეძლო,“ დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამში. სხვა დეტალები პრეზიდენტს არ უხსენებია.
გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 2024 წელს უკრაინა ემზადება მრეწველობის გასაზრდელად. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მომავალი წელი მრავალი გლობალური გადაწყვეტილების წელი იქნება და კიევს „უნდა შეეძლოს მათზე ზეგავლენის მოხდენა, უნდა შეეძლოს საკუთარი მიზნების მიღწევა“.
„ვიბრძოლებთ ჩვენი გავლენისთვის, უკრაინისთვის სამართლიანობის მისაღწევად და მე მადლიერი ვარ ყველა ლიდერისა, რომლებიც გვეხმარებიან, რომლებიც ჩვენთან არიან 24 თებერვლის შემდეგ და ჩვენთან იქნებიან 24 წელს“, აღნიშნა ზელენსკიმ.