Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯარებმა ხარკოვი დაბომბეს


მაშველები სამოქალაქო ქარხნის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შემდეგ. ხარკოვი, 29 დეკემბერი, 2023.
მაშველები სამოქალაქო ქარხნის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შემდეგ. ხარკოვი, 29 დეკემბერი, 2023.

შაბათს საღამოს რუსეთის ჯარებმა ხარკოვი დაბომბეს. ქალაქის ხელისუფლების თქმით, მოხდა მინიმუმ ექვსი აფეთქება, მათ შორის ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.

ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეჰ სინეჰუბოვის თქმით, „დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“. ხარკოვის მერმა იჰორ ტერეხოვმა ტელეგრამში დაწერა, რომ დარტყმა განხორციელდა საცხოვრებელ სახლზე. იტყობინებიან ოთხი დაშავებულის შესახებ, ოფიციალური მონაცემები ჯერჯერობით არ ვრცელდება. ტელეგრამის არხებში ქვეყნდება ფოტო სასტუმროსი, რომელიც, როგორც ამტკიცებენ, ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაზიანდა.

ასევე ვრცელდება ცნობები უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსეთის მიერ უპილოტო საფრენი აპარატების, „შაჰედების“ გამოყენების შესახებ.

მანამდე დაიბომბა რუსეთის ქალაქი ბელგოროდი. რუსეთის ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა 14 ადამიანი, 100-ზე მეტი დაშავდა. ეს ბელგოროდში ყველაზე დიდი მსხვერპლია ომის დაწყებიდან მოყოლებული.

როგორც BBC იტყობინება წყაროზე დაყრდნობით უკრაინის სპეცსამსახურების წრეებიდან, ბელგოროდი უკრაინამ დაბომბა უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ უკანასკნელ დღეებში განხორციელებული იერიშების საპასუხოდ.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა შაბათს საღამოს განაცხადა, რომ რუსეთის ჯარები ბელგოროდის რაიონიდან ახორციელებენ დარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე. ბელგოროდსა და ხარკოვს სულ რამდენიმე ათეული კილომეტრი აშორებს.

29 დეკემბერს რუსეთის ჯარებმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასირებული სარაკეტო იერიში განახორციელეს ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული. ცნობილია 39 დაღუპულის შესახებ, მათგან 16-ისა - კიევში.

XS
SM
MD
LG