ადიღეს რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ მაიკოპის 18 წლის მცხოვრებ კევინ ლიკს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სახელმწიფო ღალატის ბრალდებით. ეს პირველი შემთხვევაა რუსეთში, როდესაც სკოლის მოსწავლე ამ დანაშაულისთვის გაასამართლეს, იუწყება BBC-ის რუსული სამსახური.
ადიღეს უზენაესმა სასამართლომ გასაიდუმლოებულ საქმეზე განაჩენი 28 დეკემბერს გამოიტანა. გამოძიების თანახმად, მსჯავრდადებული აკვირდებოდა მაიკოპში რუსეთის სამხედროების ადგილსამყოფელს, ფოტოებს უღებდა ადგილობრივ სამხედრო ნაწილს და, სავარაუდოდ, ფოტოებს აგზავნიდა „უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლის“ მეილზე. ვარაუდობენ, რომ ლიკმა უკანონო საქმიანობა დაიწყო უკრაინაში შეჭრამდე: გამოძიება განიხილავს პერიოდს 2021 წლის 23 დეკემბრიდან 2023 წლის 8 თებერვლამდე. სავარაუდოდ ის ამ დღეს დააკავეს.
9 თებერვალს დედამისი ვიქტორია ლიკი სამხედრო კომისარიატის შენობაში „უხამსი ლანძღვის“ გამო 10 დღით დააკავეს. ლიკის ნაცნობმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ის კევინ ლიკი განაჩენის ძალაში შესვლამდე პატიმრობაში იმყოფება. თუმცა, მისი საქმის შესახებ ცნობილი არ იყო უშუალოდ განაჩენის გამოცხადებამდე.
კონკრეტულად რა გადაიღო კევინ ლიკმა, არ აზუსტებენ. მაიკოპის სამხედრო ნაწილების მისამართებისა და ფოტოების მოძიება ინტერნეტშია შესაძლებელი.
ლიკი ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო იმ დროს, როდესაც, გამომძიებლების თქმით, მან დანაშაული ჩაიდინა. ერთ-ერთ შემამსუბუქებელ გარემოებად იქცა მსჯავრდადებულის ასაკი, ასევე ქრონიკული დაავადების არსებობა, აგრეთვე ოლიმპიადებზე გამარჯვებები. ბოლო წლების განმავლობაში ლიკმა მინიმუმ ოთხჯერ გაიმარჯვა გერმანული ენის ოლიმპიადებზე ადიღეში. 2021 წლის დამდეგს ის ასევე იყო ისტორიის ოლიმპიადის მედალოსანი.
მოზარდებისთვის სახელმწიფო ღალატის მუხლით მინიმალური სასჯელი 12 წლით თავისუფლების აღკვეთაა. პროკურორმა მოსწავლისთვის 4,5 წლით პატიმრობა მოითხოვა.
„პირველი განყოფილების“ იურისტების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2023 წლის დასაწყისიდან რუსეთის სასამართლოებში ღალატის შესახებ მინიმუმ 63 საქმე იქნა შეტანილი და მათგან 33-ში მოსამართლეებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. რუსეთში მცხოვრებთ აკავებენ უკრაინის მხარისთვის მონაცემების გადაცემის, მტრის მხარეზე გადასვლის ან უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ფულადი დახმარების აღმოჩენის მცდელობისთვის. ძნელია იმის თქმა, რამდენად არის ბრალდებები ფაქტებით გამყარებული, რადგან ფსბ არავითარ მტკიცებულებებს არ აქვეყნებს.
სანქტ-პეტერბურგში არასრულწლოვან მოსწავლეს, ეგორ ბალაზეიკინს, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სამხედრო კომისარიატის შენობისთვის ცეცხლის წაკიდების ორი მცდელობის ბრალდებით, რაც სასამართლომ ტერორისტულ თავდასხმებად მიიჩნია.