Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთის საარჩევნო კომისიამ უარყო ოპოზიციის სარჩელი, გრძელდება დემონსტრაციები


სტუდენტების საპროტესტო აქცია ბელგრადის ცენტრში. 29 დეკემბერი, 2023.
სტუდენტების საპროტესტო აქცია ბელგრადის ცენტრში. 29 დეკემბერი, 2023.

სერბეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ უარყო ოპოზიციის მოწოდება, გაუქმდეს მიმდინარე თვეში ჩატარებული კენჭისყრის შედეგები.

ამასობაში ბელგრადის ცენტრში სტუდენტებმა მოძრაობა გადაკეტეს შაბათისთვის დაგეგმილი დემონსტრაციის წინ. დემონსტრაცია გამოწვევაა პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის მმართველობისადმი, მაგრამ აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ამას ძალადობის გარეშე გააკეთებენ.

მას მერე, რაც ვუჩიჩმა გამოაცხადა, რომ დამაჯერებლად გაიმარჯვა 17 დეკემბრის საპარლამენტო, პროვინციებისა და მუნიციპალურ არჩევნებში, სერბეთში თითქმის ყოველღამე იმართება საპროტესტო აქციები და რამდენჯერმე მოეწყო შიმშილობა.

საერთაშორისო დამკვირვებლების თანახმად, საარჩევნო პროცესი არ იყო სამართლიანი. მათი თქმით, ხელისუფლებამ რეგიონებიდან ავტობუსებით ჩაიყვანა ხალხი მმართველი სერბეთის პროგრესული პარტიის მხარდასაჭერად კენჭისყრაში მონაწილეობისთვის იქ, სადაც არ არის მათი საცხოვრებელი ადგილი.

ვუჩიჩმა, რომელმაც 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყნის კონტროლი გააძლიერა, ამ არჩევნებს უწოდა „ყველაზე სუფთა და პატიოსანი“ ქვეყნის მთელი ისტორიის მანძილზე.

29 დეკემბერს გვიან საღამოს გამოცემულ დადგენილებაში რესპუბლიკის საარჩევნო კომისიამ უკუაგდო ოპოზიციური ალიანსის, „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“, აპელაცია კენჭისყრის გაუქმების მოთხოვნით. კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, მარკო იანკოვიჩმა თქვა, რომ ქვეყნის მასშტაბით არჩევნების შედეგების თაობაზე საჩივარი უარყოფილია, ვინაიდან ის შეიტანა ოპოზიციური ალიანსის პარტიულმა სიამ ბელგრადში.

XS
SM
MD
LG