Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია: სააპელაციო სასამართლომ 20 ივნისს დაზარალებულების სასარგებლოდ შეცვალა გადაწყვეტილებები


21 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლა. 2019 წელი
21 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლა. 2019 წელი

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო ყანჩაველმა 20 ივნისს დაზარალებული ორი მოსარჩელის სასარგებლოდ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები.

სააპელაციო სასამართლოს 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ორივე მოსარჩელის სასარგებლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა 50 000 - 50 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება, მათგან ერთ-ერთის, გიორგი სულაშვილის სასარგებლოდ სამინისტროს დაეკისრა ყოველთვიური სარჩო 780 ლარის ოდენობით.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებებით, საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ერთ შემთხვევაში, მორალური ზიანის სახით 30 000 ლარის და ყოველთვიურად სარჩოს სახით 1155 ლარის გადახდა დააკისრა, 2019 წლის 21 ივნისიდან სიცოცხლის ბოლომდე. მეორე დაზარალებულის, კერძოდ, გიორგი სულაშვილის შემთხვევაში კი, საქალაქო სასამართლომ სამინისტროს მხოლოდ მორალური ზიანის 20 000 ლარის ოდენობით ანაზღაურება დააკისრა, ყოველთვიური სარჩოს გადახდა კი არ დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ამ დროისთვის კანონიერ ძალაში არაა შესული.

2019 წლის 20-21 ივნისის ღამის საქმეზე "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" 15-მდე ადამიანის უფლებებს იცავს - მოსარჩელეთა შორის არიან ჟურნალისტები, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, ასევე - შემთხვევითი გამვლელები და აქციის მონაწილეები.

2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი დაშავდა. მათ შორის - 30-ზე მეტი ჟურნალისტი. ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიებით მიყენებული ტრავმისგან თვალი დაკარგა. თვალისა და თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილემ. კლინიკებში გადაიყვანეს 80-მდე სამართალდამცველი.

ყველაფერი 2019 წლის 20 ივნისის დილას რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტში, სასესიო დარბაზში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომაზე დაიწყო - პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა.

საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის სპიკერატისათვის განკუთვნილ ადგილზე ავიდა და განაცხადა, რომ შესვენებაზე გასული სერგეი გავრილოვი პარლამენტში ვეღარ დაბრუნდებოდა.

ანტისაოკუპაციო აქცია 20 ივნისს, 19:00 საათისათვის, დაიგეგმა. პარლამენტის წინ შეიკრიბა ათასობით მოქალაქე. სცენა დაიკავეს სამოქალაქო აქტივისტებმა. სცენაზე გამოჩნდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც.

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ „ქართულ ოცნებას", რომელმაც საქართველოში შემოუშვა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და რუსეთის დუმის დეპუტატს მისცა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლის საშუალება, ხელისუფლებაში დარჩენის უფლება აღარ აქვს.

ოპოზიციის ლიდერებმა მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურისა და პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს და ამისთვის მათ ერთსაათიანი ვადა მისცეს.

22 საათისათვის პარლამენტის წინ სიტუაცია გართულდა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის კიბეებისკენ გადაინაცვლა. შენობა სპეცრაზმელებით იყო გარშემორტყმული. მალევე რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. დაიწყო დემონსტრანტთა დაშლა. ისროლეს რეზინის ტყვიები.

21 ივნისს თანამდებობიდან გადადგა პარლამენტის იმდროინდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

XS
SM
MD
LG