Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პროკურატურა ზაპოროჟიეში უკრაინელი სამხედრო ტყვეების დახვრეტის ფაქტს იძიებს


უკრაინელმა სამართალდამცველებმა უკრაინელი სამხედრო ტყვეების მტრის მიერ ზაპოროჟიეს მახლობლად დახვრეტის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ტელეგრამის არხის საშუალებით იუწყება.
საქმის წარმოება დაიწყო უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილით: ომის კანონებისა და წესების დარღვევა, განზრახ მკვლელობის თანხლებით.

გამოძიების თანახმად, რუსმა სამხედროებმა 2023 წლის დეკემბერში, უკრაინის თავდაცვის ძალებთან სამხედრო შეტაკების დროს, ზაპოროჟიეს რაიონის დასახლებულ პუნქტ რაბოტინოსთან სამი უკრაინელი ჯარისკაცი შეიპყრეს, ხოლო ერთი საათის შემდეგ, ჟენევის კონვენციის დარღვევით, სამივე დახვრიტეს.

უკრაინის გენერალური პროკურატურა აღნიშნავს, რომ ეს არის აგრესორი ქვეყნის მიერ სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევის კიდევ ერთი შემთხვევა.

უკრაინელი ჯარისკაცების დახვრეტის ამსახველი ვიდეო ინტერნეტით გავრცელდა. გასული თვის განმავლობაში ქსელში არაერთხელ გამოჩნდა რუსი სამხედროების მიერ იმ უკრაინელი ჯარისკაცების სიკვდილით დასჯის ვიდეოები, რომლებიც მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაბარდნენ.

ზაპოროჟიეში მდებარე დასახლებული პუნქტის, რაბოტინოს დეოკუპაციაზე აგვისტოში გახდა ცნობილი. რაბოტინოს გათავისუფლების შემდეგ, უკრაინულმა ჯარებმა გააგრძელეს შეტევა ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით.

XS
SM
MD
LG