სააგენტო Reuters-ი თეთრი სახლის ცნობაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 26 დეკემბერს ისრაელის სტრატეგიულ საქმეთა მინისტრი რონ დერმერი ხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს, ჯეიკ სალივანს, რათა განიხილონ კონფლიქტი ღაზაში და ჰამასის მიერ დატყვევებული მძევლების დაბრუნება.
ვაშინგტონში შეხვედრა იმართება მას შემდეგ, რაც აშშ-მა საჯაროდ მოუწოდა ისრაელს, მეტი გაეკეთებინა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდის ფონზე. ბლინკენი ამ თვის დასაწყისში დერმერს ტელეფონითაც ესაუბრა.
ქრისტესშობის დღესასწაულის წინა დღეებში ომი გამწვავდა, განსაკუთრებით ღაზის სექტორის ცენტრალურ რაიონში. ისრაელმა 26 დეკემბერს განახორციელა ახალი საჰაერო თავდასხმები ღაზის ცენტრალურ რაიონში. გაერომ განაცხადა, რომ შეშფოთებულია ისრაელის თავდასხმების გაძლიერებით, რის შედეგადაც 25 დეკემბრიდან 100-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა ანკლავის ერთ ნაწილში.
7 ოქტომბერს აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეული ჰამასის მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 240 პირი მძევლად იქნა აყვანილი. ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა ღაზის სექტორზე, რომელსაც ჰამასი მართავს და სადაც 7 ოქტომბრის შემდეგ განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად 21 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. შიშობენ, რომ კიდევ ათასობით ადამიანი ნანგრევების ქვეშაა ჩამარხული. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა.