ბათუმის #3 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებმა პროტესტის გამო გუშინ, 25 დეკემბერს დაწყებული შიმშილობა დღეს საღამოს შეწყვიტეს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას სახალხო დამცველის მოადგილემ, ელენე ღუდუშაურმა დაუდასტურა.
"რამდენიმე წუთის წინ ჩვენი წარმომადგენელი გამოვიდა დაწესებულებიდან, სადაც მან 8 მოშიმშილედან 5 პატიმარი მოინახულა. ბოლო ინფორმაციით, შვიდმა პატიმარმა შიმშილობა შეწყვიტა და მგონი უკვე მერვემაც. სამმა პატიმარმა სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხედრაზე უარი განაცხადა, იმ მიზეზით, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმა შეწყვიტა. რაც ამ ეტაპისთვის ვიცით, პროტესტის ძირითადი მიზეზი ამანათებთან და წერილებთან დაკავშირებული პრობლემა იყო", - ამბობს ელენე ღუდუშაური.
მისივე ინფორმაციით, ბათუმის მესამე პენიტენციურ დაწესებულებაში მოკვლევას და მონიტორინგს მომდევნო დღეებშიც გააგრძელებენ, იმის გამოსავლენად, შეიქმნება თუ არა ისევ ამანათებისა და წერილების პატიმრებისთვის გადაცემის პრობლემა.
რადიო თავისულფება ერთ-ერთი მოშიმშილე პატიმრის ადვოკატს, ზაზა პაპიძეს დაუკავშირდა. როგორც ის ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 30 წლამდე კაცია, რომელიც ქურდობის ბრალდებით, ორთვიან პატიმრობაში, ამავე დაწესებულებაშია.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ქურდობაზეა დაკავებული. ნაქურდალი ნივთი ამოღებული არ არის და მტკიცებულებებიც არ აქვთ. ამაზეც აქვს პროტესტი და ციხის ადმინიტრაციის მიდგომებსაც აპროტესტებს. როგორც ამბობს გვაწვალებენ და კარცერში გვათავსებენო. გვაყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფასო", - აცხადებს ადვოკატი და ამატებს, რომ ეს ინფორმაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფმა რამდენიმე დღის წინ ტელეფონით მიაწოდა.
სახალხო დამცველის მოადგილემ განაცხადა, რომ პატიმრის მსგავსი პროტესტის შესახებ მისთვის ცნობილი არ არის. მისივე თქმით, დღეს საპატიმროში შესულ წარმომადგენელს ინფორმაცია მხოლოდ პატიმრების ამანათებისა და წერილების გადაცემაზე შექმნილ პრობლემაზე მიაწოდეს:
"ოჯახის წევრები დაგვიკავშირდნენ და ჩვენ აუცილებლად გადავამოწმებთ. ასეთი ფაქტი ჩვენთან არ ფიქსირდება", - ამბობს ელენე ღუდუშაური.
რადიო თავისუფლება ცდილობს პენიტენციური სამსახურისგან მიიღოს პასუხი. მათი კომენტარი მიღებისთანავე აისახება ტექსტში.