ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) სამხედრო დანაყოფის მაღალი რანგის მრჩეველი, რაზი მუსავი, დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმისას სირიის დედაქალაქ დამასკთან ახლოს - იუწყება ირანის სახელმწიფო მედია.
სააგენტო როიტერსი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მუსავი მუშაობდა სამხედრო კოორდინაციაზე თეირანსა და დამასკს შორის, და იყო ნაწილი რევოლუციის გუშაგთა ყუდსის დანაყოფისა.
IRGC-სთან დაახლოებული სააგენტო ტასნიმი წერს, რომ მუსავი იყო სირიაში ამ ძალის ერთ-ერთი ვეტერანი მრჩეველი, და ახლობელი პირი ყასემ სოლეიმანისა - ყუდსის ყოფილი მეთაურის, რომელიც 2020 წლის იანვარში დაიღუპა აშშ-ის ძალების მიერ ბაღდადთან ახლოს განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად.