რუსეთის სამხედროების დანაკარგი უკრაინაში 2023 წელს ერთ-ნახევარჯერ მეტია, ვიდრე 2022 წელს. დაღუპულთა რიცხვმა 80 ათასს მიაღწია.
ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბი-ბი-სის რუსული სამსახურის ჟურნალისტები დაღუპულთა სიების საფუძველზე, რომელსაც რედაქცია ღია წყაროების მეშვეობით აწარმოებს. ბი-ბი-სისა და "მედიაზონის" ჟურნალისტები მოხალისეთა ჯგუფთან ერთად, თვალს ადევნებენ რეგიონული ადმინისტრაციების, ნათესავებისა და მეგობრების ცნობებს, ასევე საჯარო რეესტრების ინფორმაციას სამხედროების დაღუპვის შესახებ.
დეკემბრის ბოლოსთვის მათ შეძლეს უკრაინაში შეჭრიდან მთელი ამ ხნის მანძილზე დაღუპული 40 ათასზე მეტი რუსის სახელისა და გვარის დადგენა. არხის შეფასებით, დაღუპულთა რეალური რიცხვი შეიძლება, სულ მცირე, ორჯერ მეტი იყოს.
იმის გათვალისწინებით, რომ სეპარატისტთა სამხედრო ნაწილები არ შედის ამ მონაცემებში, დაღუპულთა რიცხვი შეიძლება 100 ათასს აჭარბებდეს, აღნიშნავს არხი. კიდევ 200 ათასი, სავარაუდოდ, მძიმედ დაჭრილია და მწყობრში დაბრუნება არ ძალუძს. იმ პირთაგან, რომელთა სახელებიც დადგინდა, 15 520 გასულ წელს დაიღუპა, ხოლო სულ მცირე, 24 100 - 2023 წელს. ყველაზე დიდი დანაკარგი მთელი ომის განმავლობაში, რუსეთმა მიმდინარე წლის ზამთარში განიცადა - დონბასში შეტევის მცდელობისას. დეკემბრის შუა რიცხვებიდან მარტამდე დანაკარგების ზრდის ტემპი ორჯერ აღემატებოდა 2022 წლის საშუალო მაჩვენებელს, იტყობინება ბი-ბი-სი. შეიცვალა დანაკარგების დემოგრაფიული შემადგენლობაც.
სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს, ფრონტზე დაღუპული რუსეთის ტიპური მოქალაქე 21 წლის, ხელშეკრულების საფუძველზე მებრძოლი სამხედრო იყო. წელს, უკრაინაში დაღუპული რუსეთის ტიპური მოქალაქე არის 34 წლის მსჯავრდადებული, რომელიც ფრონტზე პირდაპირ კოლონიიდან წავიდა.
დანაკარგების დიდი წილი მოდის უპირატესად ღატაკ რეგიონებზე, რომლებიც ბუნებრივი რესურსების უკმარისობას განიცდიან. ბრიტანული არხის გამოთვლებით, ტუვისა და ბურიატიის მცხოვრებლების უკრაინაში დაღუპვის ალბათობა მიმდინარე წელს 30-40-ჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე მოსკოველების.
თუმცა, უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების უმრავლესობა სლავები - და პირველ რიგში, რუსები - არიან. არხის თანახმად, 2022 წლის გაზაფხულზე დაღუპულთა სიებში სლავური გვარების წილი 75 პროცენტს შეადგენდა. 2023 წლის გაზაფხულზე ის 85 პროცენტამდე გაიზარდა. როგორც მასალიდან ჩანს, დაღუპულთა დადგენილი რაოდენობის ორი მესამედი ის ადამიანები არიან, რომლებიც შეჭრამდე არ ყოფილან არმიასთან კავშირში - მობილიზებულები, პატიმრები, მოხალისეები და დაქირავებული მებრძოლები. ბევრ შემთხვევაში, მსგავსი სამხედროების მომზადების პროცესი მხოლოდ რამდენიმე დღეს გასტანს ხოლმე.
საბჭოთა კავშირშიც კი, წვევამდელ ჯარისკაცებს ავღანეთში გაგზავნამდე 4-6 თვის განმავლობაში წვრთნიდნენ, აღნიშნავს ბი-ბი-სი.
მოსკოვი და კიევი არ ამხელენ თავიანთ დანაკარგებს ომში, მხოლოდ მოწინააღმდეგის დანაკარგებზე საუბრობენ. სამხედრო კონფლიქტების მხარეები აზვიადებენ საკუთარ მიღწევებს და მსუბუქად აღწერენ წარუმატებლობას. ბი-ბი-სისა და "მედიაზონის" კვლევები დაღუპულთა რიცხვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი შეფასებაა.
დასავლეთის მედიასაშუალებებში არაერთხელ დაიწერა, რომ უკრაინა თავის მოკავშირეებს უმალავს თავის სამხედრო დანაკარგებს. დასავლური დაზვერვის ერთ-ერთი უახლესი შეფასება დაღუპულთა შესახებ The New York Times-მა გამოაქვეყნა აგვისტოში. ამ მონაცემებით, ომში დაიღუპა 120 ათასამდე რუსი და 70 ათასამდე უკრაინელი სამხედრო. დაღუპულთა საერთო რიცხვი მძიმედ დაჭრილებთან ერთად, გამოცემის წყაროების შეფასებით, 500 ათასს შეადგენს.