Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო წლებში პიროტექნიკის ხმაურის გამო ზოოპარკში ცხოველი ინფარქტით მოკვდა - ზურაბ გურიელიძე


ფოტო არქივიდან: თბილისის ზოოპარკი
ფოტო არქივიდან: თბილისის ზოოპარკი

თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე ამბობს, რომ პიროტექნიკის გამოყენების დროს გამოწვეული სტრესისგან ბოლო წლებში ზოოპარკში ინფარქტით მოკვდა ახალგაზრდა გნუ. გურიელიძის თქმით, ყოველწლიურად, საახალწლო დღეებში, ცხოველებს ანტიდეპრესანტებს ასმევენ, რათა პიროტექნიკით მიყენებული სტრესი შეუმცირონ.

"პიროტექნიკის გამოყენება რთულ შედეგებს იწვევს ხოლმე ცხოველებისათვის. ლაპარაკია როგორც ზოოპარკის ცხოველებზე, ისე მათზე, რომლებიც არიან ჩვენ გარშემო. მოულოდნელი ხმაური, რომელსაც თან განათება მოჰყვება, ცხოველებისთვის გაუგებარი და აუხსნელია, შესაბამისად, დიდი საფრთხის შემცველია მათთვის", - აღნიშნავს ზოოპარკის დირექტორი "კვირის" პრესკლუბში საუბრის დროს.

ზურაბ გურიელიძე ამბობს, რომ ზოოპარკში ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როცა პიროტექნიკით შეშინებულმა ცხოველებმა კიდევ ერთი გნუ გადათელეს:

"ზოგ შემთხვევაში ისინი არიან დამალულები, ზოგ შემთხვევაში იწყებენ სირბილს ყოველგვარი გარკვეული მიმართულების გარეშე. ეს განსაკუთრებით სახიფათოა ისეთი ცხოველებისთვის, როგორებიც არიან ჩლიქოსნები. ისინი დიდი ზომის ცხოველები არიან და დიდი წონაც აქვთ. ხშირ შემთხვევაში სწორედ ასე ხდება ხოლმე ცხოველების დაზიანება და შეიძლება დაღუპვაც".

თბილისის ზოოპარკის დირექტორის სიტყვებით, ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის ხმაურმა შესაძლოა ცხოველებში განავითაროს ისეთი მძიმე დაავადებები, როგორებიცაა ინფარქტი და ინსულტი.

XS
SM
MD
LG