შეერთებულმა შტატებმა 20 დეკემბერს ცვლილებები შეიტანა რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის წესებში. ე.წ. ფასების ჭერი უფრო მკაცრად იქნება დაცული. დამატებითი სანქციები დაუწესდათ ჰონგ-კონგისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანიებს, რომლებიც, აშშ-ის აზრით, ხელს უწყობენ მსოფლიო ბაზარზე რუსული ნავთობით ვაჭრობას.
ახალი წესებით, ქვეყნები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ფასების ჭერის შესახებ შეთანხმებას - ესენი არიან „დიდი შვიდეულის“ წევრი ყველა ქვეყანა, ევროკავშირი, ასევე ავსტრალია - ვალდებული იქნებიან, ანგარიში წარმოადგინონ რუსული წარმომავლობის ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით ყოველი კომერციული ოპერაციის შესახებ. მათი ანგარიშვალდებულება საგრძნობლად გამკაცრდება. ამ ქვეყნების კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ მონაცემები რუსეთთან დაკავშირებული ნავთობის ყოველი დატვირთვისა და გადმოტვირთვის შესახებ, ასევე ყველა ხარჯზე, რაც ასეთ მოქმედებებთან არის კავშირში.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციების სიაში შეიყვანა ოთხი კომპანია, რომლებიც რუსეთის ენერგომატარებლებით მუშაობენ. ესენია: Bellatrix Energy და Covart Energy ჰონგ-კონგიდან და Voliton DMCC და SUN Ship Management-ი, რომლებიც საამიროებში არიან რეგისტრირებული. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს თანახმად, ეს კომპანიები არ იცავდნენ ფასების ჭერს ან გაზარდეს რუსული ნედლეულის წილი თავიანთ ვაჭრობაში მას მერე, რაც შეზღუდვები დაწესდა.
რუსეთის ნავთობზე ფასების ზღვარი ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა შარშან დეკემბერში დააწესეს.
ის ბარელში 60 დოლარამდე ზღუდავს მაქსიმალურ ფასებს რუსულ ნედლ ნავთობზე, რომელიც ზღვით გადააქვთ. თებერვლიდან შეიზღუდა ასევე ნავთობპროდუქტების ფასები: მსუბუქი ნავთობპროდუქტების მაქსიმალურ ფასად დაწესდა ბარელში 100 დოლარი, მძიმე ნავთობპროდუქტებისა კი 45 დოლარი. მაგრამ მოსკოვი აქტიურად აგრძელებს ნავთობით ვაჭრობას იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ შეუერთდნენ სანქციებს.