Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ უარი თქვა აბრამოვიჩისთვის ევროკავშირის სანქციების მოხსნაზე


რომან აბრამოვიჩი. ლონდონი, 19 დეკემბერი, 2015.
რომან აბრამოვიჩი. ლონდონი, 19 დეკემბერი, 2015.

მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ, რომელსაც ლუქსემბურგში უდევს ბინა, უარი თქვა რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის გამოყვანაზე ევროკავშირის სანქციების სიიდან. სასამართლომ აბრამოვიჩს შეუნარჩუნა ევროკავშირში შესვლის აკრძალვა მიუხედავად იმისა, რომ მას პორტუგალიის მოქალაქეობა აქვს.

აბრამოვიჩი 2022 წლის მარტში მოხვდა სანქციების სიაში. ევროკავშირში მაშინ განაცხადეს, რომ ბიზნესმენს „დიდი ხნის მჭიდრო ურთიერთობები აქვს [რუსეთის პრეზიდენტ] ვლადიმირ პუტინთან“, „ჰქონდა პრივილეგირებული წვდომა პრეზიდენტზე და მასთან ძალზე კარგი ურთიერთობები ჰქონდა“, რაც, თავის მხრივ, მას საშუალებას აძლევდა, შეენარჩუნებინა თავისი ქონება და შეღავათები მიეღო რუსეთის ხელისუფლებისგან.

გარდა ამისა, ჩინოვნიკებმა მიუთითეს რუსეთის ეკონომიკაში მეტალურგიული ჰოლდინგი Evraz-ის მნიშვნელოვან როლზე. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სანქციების შესახებ გადაწყვეტილება მცდარი არ იყო კომპანიაში აბრამოვიჩის როლის გამო - ის მისი ყველაზე მსხვილი აქციონერია.

სასამართლომ აბრამოვიჩის უფლებების დარღვევად არ მიიჩნია ევროკავშირში შესვლის აკრძალვა, მიუხედავად მისი პორტუგალიური მოქალაქეობისა. გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომ ეს შეზღუდვა სასამართლომ პროპორციულად მიიჩნია.

აბრამოვიჩი ერთ-ერთი უმდიდრესი რუსი ბიზნესმენია. Forbes-ი მისი ოჯახის ქონებას 9,2 მილიონ დოლარად აფასებს. ევროკავშირის გარდა აბრამოვიჩს სანქციები დაუწესეს დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, შვეიცარიამ, ავსტრალიამ და უკრაინამ. მაგრამ ის არ მოხვდა აშშ-ისა და იაპონიის სანქციების სიაში.

მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო ევროკავშირის უმაღლესი სასამართლო ინსტანციაა, მისი გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს.

XS
SM
MD
LG