რუსეთი სანქციების სიაში მოხვედრილ დასავლურ ელექტრონიკას მაროკოს გზით იღებს. ამ ქვეყნის გავლით გადააქვთ ჩიპები, რომლებიც გამოიყენება როგორც მრეწველობაში, ისე იარაღის საწარმოებლად. ამაზე მეტყველებს The New York Times-ის გამოძიება.
გამოცემამ წვდომა მოიპოვა მაროკოში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლის მიმოწერაზე ელექტრონიკით მოვაჭრე რუსულ კომპანია „პროსოფთან“. გამოცემის თანახმად, მიმოწერაში ლაპარაკია ასეთი საქონლის მიწოდების ორგანიზებაზე.
საწარმოო ცენტრებიდან, მათ შორის ტაივანიდან, მომდინარე საქონელი ტანჟერ-მედის პორტში გადაიტვირთება გემებზე, რომლებიც რუსეთში მიემართება. ერთ-ერთ წერილში რუსი მოხელე წერს, რომ „მუდმივ კავშირშია“ პორტის დირექტორთან. The New York Times-ი ვაჭრობის პოტენციალს წელიწადში 10 მილიონ დოლარად აფასებს. გამოცემის თანახმად, პორტში ორგანიზებულია 20 ოპერატორი რუსეთში მიმავალ გემებზე საქონლის დასატვირთავად.
სანქციების გვერდის ავლით ელექტრონიკის მიწოდების სქემაში გამოიყენება მონაკოში რეგისტრირებული კომპანია Invent Moroc, ნათქვამია გამოძიებაში. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ის ჯართით ვაჭრობდა. ახლა ის მყიდველებს სთავაზობს ამერიკული კომპანიების, Texas Instruments-ისა და Intel-ის, ასევე ნიდერლანდის კომპანია NXP-ის პროცესორებს, ნათქვამია გამოძიებაში.