ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის "უშიშროების კომიტეტი" ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დაკავებულთა 2023 წლის სტატისტიკას აქვეყნებს. დე ფაქტო "კაგებეს" ცნობით, მთელი წლის განმავლობაში 448 „დამრღვევი“ დააკავეს.
მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია: „2023 წელს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე დააკავეს 448 დამრღვევი, მათგან 196-მა სახელმწიფო საზღვარი დაარღვია, ხოლო 251 სასაზღვრო ზონის რეჟიმის დამრღვევია“.
როგორც ცნობილია, დე ფაქტო რესპუბლიკის საოკუპაციო გამყოფ ხაზს, რასაც ცხინვალი და მოსკოვი ე.წ საზღვარს უწოდებენ, რუსეთის „ეფესბეს“ სასაზღვრო სამსახური დე ფაქტო „კაგებეს“ სასაზღვრო სამსახურთან ერთად "იცავს".
ოკუპირებულ ტერიტორიაზე კი ე.წ. საზღვრის დაცვის ორი რეჟიმი მოქმედებს - ესაა უშუალოდ ე.წ. საზღვრის დაცვა და ასევე ე.წ. სასაზღვრო ზონა. ამ ზონაში ოკუპაციის ხაზთან მდებარე ოსური სოფლები მდებარეობს და იქ სპეციალური დოკუმენტების გარეშე ჩასვლა ასევე დარღვევაა.
„კაგებეში“ განმარტეს, რომ სასაზღვრო სამსახურმა სამართლებრივი რეჟიმის დარღვევის თითოეულ ფაქტზე გამოძიება ჩაატარა.
„სახელმწიფო საზღვარზე არსებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი რეჟიმების დამრღვევთა მიმართ ჩატარებული ახსნა-განმარტებითი სამუშაოების შედეგად, ადმინისტრაციული ღონისძიებები იქნა გამოყენებული, რა დროსაც 262 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, 6 პირი დააჯარიმეს, გააძევეს რესპუბლიკიდან, 19 პირი გააძევეს საჯარიმო სანქციების გარეშე, 138 გააფრთხილეს, 19 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, 4 პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდა“, - ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.
როგორც წესი, დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი დაკავებული საქართველოს მოქალაქეების სტატისტიკას ცალკე არ წერს ხოლმე. ეს რომ გააკეთოს, თვალნათლივ გამოჩნდება, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმომსვლელთა რაოდენობა უფრო მეტია მათზე, ვისი დაკავებაც "კაგებემ" შეძლო. ე.წ. რესპუბლიკიდან გაძევებულ მოქალაქეებში დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი სწორედ საქართველოს მოქალაქეებს გულისხმობს ხოლმე, რადგან ვერც ცხინვალელებს და ვერც იქ რუსეთიდან ჩასულებს სხვაგან ვერ გააძევებს, თვითონ ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებთა 95 პროცენტზე მეტი ისედაც რუსეთის მოქალაქეა. კაგებეს სტატისტიკის მიხედვით კი 19 პირი საჯარიმო სანქციების გარეშე გააძევეს, 6 დააჯარიმეს და გააძევეს, აღიძრა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე. სწორედ ამ მოქალაქეებში იგულისხმებიან საქართველოს მოქალაქეები. გამოდის, რომ 400-ზე მეტი მოქალაქე საქართველოსკენ წამოსვლისას დააკავეს.
საქართველოს მოქალაქეების დაკავებების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემაც ისაუბრა. ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე, ანთაძემ ჟურნალისტებს საქართველოს მოქალაქეების დაკავების წლიური სტატისტიკა გააცნო.
"პირველი იანვრიდან 13 დეკემბრამდე საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების 37 შემთხვევა დაფიქსირდა", - თქვა ანთაძემ. საქართველოს 5 მოქალაქე ამ დრომდე ცხინვალის ციხეში იმყოფება და მათი გათავისუფლების მოთხოვნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, საქართველოს ხელისუფლება კი მოუწოდებს დე ფაქტო ხელისუფლებას, რომ გამოიჩინონ ჰუმანური მიდგომა და ისინი ახალ წლამდე ოჯახებს დაუბრუნონ.