Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან „უნდა იყოს დაბალანსებული“, ამბობს ნატოს ოფიციალური პირი


ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა მართავს პრესკონფერენციას თბილისში. 19 დეკემბერი, 2023 წელი
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა მართავს პრესკონფერენციას თბილისში. 19 დეკემბერი, 2023 წელი

ჩინეთი დაკავშირებულია გარკვეულ უსაფრთხოების გამოწვევებთან, ამიტომ საქართველოს ურთიერთობა მასთან „უნდა იყოს დაბალანსებული“, აცხადებს თბილისში ვიზიტით მყოფი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა.

კოლომინას თქმით, ცხადია, რომ გეოპოლიტიკური შეჯიბრის სამყაროში ვცხოვრობთ და ჩინეთს, გარკვეულწილად, შეუძლია იყოს პარტნიორი, გლობალური აქტორი, რომელთანაც შეიძლება ურთიერთობა.

“მაგრამ ამავე დროს, უნდა ვიაზრებდეთ, რომ ჩინეთი დაკავშირებულია გამოწვევებთან, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, გარკვეული ინვესტიციებისგან მომდინარე დამოკიდებულებას. ეს არ ნიშნავს, რომ არ შეგიძლია ჩინეთთან პარტნიორობა ან ინვესტიციების მიღება, - განაცხადა კოლომინამ და დაამატა, - ეს იყო საუბრის თემა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გვესმის, რომ არსებობს ინვესტიციების საჭიროება. ასე რომ, ეს უნდა იყოს დაბალანსებული ურთიერთობა“.

საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობა 2023 წლის ზაფხულში დაამყარეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტისას.

ეკონომიკური განზომილების შესახებ ჩანაწერებს შორისაა „ჩინეთსა და ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა“. დოკუმენტის თანახმად:

  • საქართველო მას მიიჩნევს პრაგმატულ, ღია და ურთიერთსასარგებლო რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმად;
  • „ჩინეთი მიესალმება საქართველოს ინტერესს, ამ თანამშრომლობის მექანიზმში ჩაერთოს დამკვირვებლის რანგში“.

პლატფორმას, რომელსაც თავდაპირველად 17+1 ფორმატის სახელით იცნობდნენ, 2012 წელს ჩაეყარა საფუძველი. 2021-22 წლებში იგი ლიეტუვამ, შემდეგ კი ლატვიამ და ესტონეთმა დატოვეს.

XS
SM
MD
LG