Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აზოვის“ მეთაური: ეს ომი დიდხანს გაგრძელდება


საილუსტრაციო ფოტო. „აზოვის“ მებრძოლები დონეცკის ოლქში
საილუსტრაციო ფოტო. „აზოვის“ მებრძოლები დონეცკის ოლქში

უკრაინის ეროვნული გვარდიის ბრიგადა „აზოვის“ მეთაური, უკრაინის გმირი დენის პროკოპენკო თანამოქალაქეებს შეგნებული არჩევანისა და იარაღით ხელში ქვეყნის დაცვის ან არმიის ზურგის გასამაგრებლად მუშაობისკენ მოუწოდებს. გვიან ღამით, პროკოპენკომ სოციალური ქსელებით მიმართვა გაავრცელა.

„აზოვის“ მეთაურის თანახმად, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან თითქმის ორი წლის შემდეგ უკრაინელებს სულ უფრო ხშირად უჩნდებათ შეკითხვა, რამდენ ხანს გასტანს ომი და გაურკვევლობა და იმის ალბათობა, რომ საბრძოლო მოქმედებები წლების განმავლობაში გაგრძელდება, მძიმედ აწვება სამოქალაქო პირებს და ზოგჯერ, მოტივირებულ სამხედროებსაც კი.

პროკოპენკოს განცხადებით, რუსეთი თავისი გავლენის სფეროდან უკრაინის გაშვებას არასდროს დასთანხმდება და ნებისმიერი ზავი ან შეთანხმება მტრისთვის იქნება მორიგი ტაიმ-აუტი შემდგომი შეტევისთვის საჭირო რესურსების მობილიზაციისთვის.

„აზოვის“ მეთაური სამწუხაროს უწოდებს, რომ უკრაინაში და საზღვარგარეთ ბევრი ადამიანი დღემდე უარს ამბობს სასტიკი რეალობის ობიექტურად აღქმაზე და იმის გაფიქრებაც კი არ უნდა, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარებას შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს. პროკოპენკოს თანახმად, ცეცხლზე ნავთს ასხამს უკრაინის საზოგადოების დემორალიზაციისკენ მიმართული რუსული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური შეტევა, რომ უკრაინა ხანგრძლივ მარათონს ვერ გაუძლებს და სამხედროები და მოხალისეები დაიღლებიან და გატყდებიან.

დენის პროკოპენკო აღნიშნავს, რომ „აზოვი“ უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ომშია ჯერ კიდევ 2014 წლიდან და მის მებრძოლებს გააზრებული აქვთ, რომ არ არსებობს სხვა გზა, გარდა იმისა, რომელიც შეგნებულად აირჩიეს.

პროკოპენკო მიიჩნევს, რომ იმედგაცრუების, პანიკის და აპათიის საუკეთესო წამალი ისტორიულ პროცესებში აქტიური ჩართულობაა. „აზოვის“ მეთაური მოუწოდებს ყველას, ვინც დღემდე არ არის ჩართული თავდაცვის ძალების სამსახურში, შეგნებული არჩევანი გააკეთონ და იარაღით ხელში შეავსონ სამხედროების რიგები ან არმიის ზურგში იმუშაონ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის მხარდასაჭერად.

დენის პროკოპენკო აცხადებს, რომ ეს ომი დიდხანს გაგრძელდება, შესაძლოა, წლებიც კი, და უკრაინელებზეა დამოკიდებული, რას გააკეთებენ გამარჯვების მოახლოებისთვის.

პოლკი „აზოვი", რომელიც 2014 წელს შექმნეს ულტრამემარჯვენე აქტივისტებმა, რუსეთს ჯერ დონბასში ებრძოდა. რუსული პროპაგანდა „აზოვს" იყენებს იმის „მტკიცებულებად", რომ უკრაინაში ნეონაციზმი სახელმწიფო დონეზეა მხარდაჭერილი.

2022 წელს, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, „აზოვი" უკრაინის თავდაცვის ძალების სამხედროებთან, მესაზღვრეებთან და პოლიციელებთან ერთად, რამდენიმე თვის განმავლობაში, დიდი მსხვერპლის ფასად იცავდა დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლს, ბოლო ეტაპზე კი - ქარხანა „აზოვსტალის" ტერიტორიას, რომელიც რუსეთის ჯარებმა მაისში აიღეს და მარიუპოლის დამცველები დაატყვევეს. მათ შორის იყო დენის პროკოპენკოც, რომელსაც 2022 წელს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გმირის წოდება მიანიჭა.

რუსეთმა, თურქეთის შუამავლობით, მარიუპოლის დამცველი უკრაინელი მეომრები, მათ შორის „აზოვის" წევრები, 2022 წლის სექტემბერში გაათავისუფლა. სანაცვლოდ კიევმა რუსეთს გადასცა პრეზიდენტ პუტინის ნათლიმამა, უკრაინის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, სახელმწიფო ღალატში ბრალდებული ვიქტორ მედვედჩუკი.

ამჟამად „აზოვი" უკრაინის ეროვნული გვარდიის შემადგენლობაშია.

XS
SM
MD
LG