სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე ომში კვადროკოპტერები გააგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს, თუმცა არ ამბობენ, რამდენი დრონი გაუგზავნეს რუსეთის მხარეს მებრძოლ ოს ჯარისკაცებს, მხოლოდ ის არის დაკონკრეტებული რომ მანამდე დე ფაქტო პრეზიდენტს 429-ე პოლკის სამხედრო მოსამსახურეებმა თერმული ხედვის მქონე კვადროკოპტერების შესაძენად დახმარების თხოვნით მიმართეს.
როგორც გაგლოევის პრესსამსახურში აცხადებენ დრონები ფრონტის ხაზზე უკვე გაიგზავნა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევი ოკუპირებულ დონეცკში დეკემბრის დასაწყისში თავად ჩავიდა, სადაც ოსური ქვედანაყოფების მებრძოლებს შეხვდა.
შეხვედრისას დე ფაქტო პრეზიდენტმა ჯარისკაცებს საბრძოლო დავალების შესასრულებლად ექვსი „ნივა“ და „უაზი“-ის მარკის მანქანები გადასცა. უკრაინაში, რუსეთის მხარეს მებრძოლ ცხინვალელ ჯარისკაცებს ასევე გადაეცათ ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც შედგება საჭირო აღჭურვილობით - საძილე ტომრები, გენერატორები, საკვები, და ა.შ.
ბოლო ერთ თვეში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკრაინიდან 3 მებრძოლი გადაასვენეს პირველ დეკემბერს ოკუპირებულ ცხინვალში დაასაფლავეს ადგილობრივი მცხოვრები აზამატ ბესტაევი, რომელიც უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოდა და ზაპოროჟიეს ოლქში დაიღუპა.
25 ნოემბერს ოკუპირებულ ჯავის რაიონში დაასაფლავეს ადგილობრივი მკვიდრი ბაგრატ გასიევი, რომელიც უკრაინაში რუსეთის არმიის რიგებში იბრძოდა. ოსური მედიის ცნობით, 36 წლის გასიევი, ასევე ზაპოროჟიეს ოლქში დაიღუპა.
22 ნოემბერს ცხინვალის სასაფლაოზე დაკრძალეს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში დაღუპული ვლადიკ თედეევი. ისიც რუსეთის საოკუპაციო მე-4 ბაზაზე მსახურობდა. ღია წყაროების ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის 40-მდე მკვიდრი დაიღუპა. რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის კონტრაქტით მომსახურე სამხედროები, ცხინვალიდან უკრაინაში შარშან ორ ეტაპად გაამგზავრეს.
გასული წლის 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით, 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი ამბობდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ.