სერბეთში 17 დეკემბერს ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, 48,91 პროცენტით ლიდერობს მმართველი, სერბეთის პროგრესული პარტია - რომლის წარმომადგენელიცაა პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი.
მეორე ადგილზე გადის ოპოზიციური, პროევროპული კოალიცია "სერბეთი ძალადობის გარეშე", ხმათა 20.3 პროცენტით, შემდეგ, 6,88 პროცენტით მოდის უნგრელთა გაერთიანება ვოივოდინა - იუწყება საარჩევნო კომისია.
ეს მონაცემები თუ შენარჩუნდება, მმართველი პარტია აბსოლუტურ უმრავლესობას მიიღებს ქვეყნის 250-ადგილიან პარლამენტში და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას შეძლებს.
საარჩევნო კომისიას არ გამოუცხადებია დედაქალაქში, ბელგრადში ასევე გამართული ადგილობრივი არჩევნების შედეგები - მას მერე, რაც კოალიციამ "სერბეთი ძალადობის გარეშე" გაყალბებაზე განაცხადა და თქვა, რომ შედეგებს არ მიღებს.
ოპოზიცია და ადგილობრივი დამკვირვებლები საარჩევნო უბნებიდან დროდადრო დარღვევებზე იუწყებოდნენ. სერბეთში იმყოფებოდა 5 800-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი, ისინი თავიანთ ანგარიშებს რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებენ.
ვუჩიჩის პრეზიდენტობა 2017 წლის მაისში დაიწყო და მას შემდეგ მან შეინარჩუნა ახლო კავშირი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან - მაშინაც კი, როცა მოსკოვი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა. ამავდროულად, ვუჩიჩი ცდილობს ურთიერთობის დაბალანსებას დასავლეთთანაც.