უკრაინამ ღამით ათობით დრონი გაუშვა რუსეთის სამხრეთსა და დასავლეთში განთავსებულ სამიზნეებზე, მოსკოვმა კი სულ მცირე ერთი ბალისტიკური და ერთი ფრთოსანი რაკეტითა და დრონებით მიიტანა იერიში უკრაინის ტერიტორიაზე.
16-დან 17 დეკემბრის ღამით სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა უკრაინის ოდესის სანაპირო რეგიონში, როცა რუსეთის მხრიდან გაშვებული დრონის ჩამოგდების შემდეგ ნამსხვრევები საცხოვრებელ სახლს დაეცა - იუწყება რეგიონის გუბერნატორი.
საერთო ჯამში, უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთმა გაუშვა "ისკანდერის" ტიპის სულ მცირე ერთი ბალისტიკური რაკეტა და ერთი ფრთოსანი რაკეტა, 20 თვითგამანადგურებელ დრონთან ერთად. "ისკანდერის" ტიპის რაკეტას "სამიზნისთვის არ მიუღწევია" - წერს სამინისტრო ტელეგრამით, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ტელეგრამით აცხადებს, რომ ლიპეცკის, ვოლგოგრადისა და როსტოვის რეგიონების თავზე ჩამოაგდო უკრაინის მხრიდან ნასროლი 33 დრონი. მსხვერპლისა და ზიანის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.