Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

FT: "დიდი შვიდეული" უახლოვდება რუსეთის 300 მილიარდამდე დოლარის უკრაინისთვის გადაცემის პროცესს


"დიდი შვიდეულის" (G7) წევრ სახელმწიფოთა დროშები
"დიდი შვიდეულის" (G7) წევრ სახელმწიფოთა დროშები

"დიდი შვიდეულის" (G7) წევრმა ქვეყნებმა გააღრმავეს ძალისხმევა, რათა შეთანხმდნენ რუსეთის ამჟამად "არამოქმედი" ცენტრალური ბანკის და სხვა წყაროების კუთვნილი 300 მილიარდამდე დოლარის ოდენობის, უცხოეთში განთავსებული ქონების უკრაინისთვის გადაცემაზე - იმ ფონზე, როცა აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის მასშტაბური დახმარების გამოყოფის პროცესს წინაღობები ხვდება, იუწყება გამოცემა Financial Times-ი.

ეს ქონება შესაძლებელს გახდიდა უკრაინის თავდაცვის და საბოლოო რეკონსტრუქციის დაფინანსებას და ხელს შეუწყობდა უკრაინაში რუსეთის შეჭრით დაწყებული და უკვე 21 თვის განმავლობაში მიმდინარე ომის დასრულებას - აცხადებს ოფიციალურ პირთა ნაწილი.

G7 მოიცავს დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, იტალიას, კანადას, საფრანგეთს, იაპონიას და აშშ-ს.

"'დიდი შვიდეულის' წევრებს და შესაბამის პოზიციაში მყოფ სხვა ქვეყნებს შეუძლიათ გაყინონ რუსეთის სუვერენული ქონება, როგორც წინააღმდეგობის ზომა, რომელიც რუსეთს დაარწმუნებს დაასრულოს თავისი აგრესია" - აშშ-ის მიერ შემუშავებული სადისკუსიო დოკუმენტის ამ ციტატას ვკითხულობთ FT-ის სტატიაში.

XS
SM
MD
LG