ოზურგეთის სოფელ მერიაში პიტბულის ჯიშის ძაღლმა ორი მცირეწლოვანი, 5 და 2 წლის ძმები დაკბინა. ბავშვები ამ დროს დედასთან ერთად იყვნენ. სანამ დედა, მეზობლის დახმარებით ცდილობდა უფროსი შვილის საავადმყოფოში გადაყვანას, ძაღლმა, კისრის და თავის არეში, მეორე ბავშვსაც უკბინა.
"გურია ნიუსის" ცნობით, ბავშვი რეანიმობილით თბილისში წამოიყვანეს.
როგორც ბავშვის მამამ გვითხრა, სავარაუდოდ, მის შვილს ოპერაცია დასჭირდება.
ადგილობრივების მონათხრობით, ძაღლი სოფელში რამდენიმე დღის წინ შეამჩნიეს. მედიასთან საუბარში ხალხი ამბობს, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემა დიდი ხანია არსებობს მთელ მუნიციპალიტეტში და მის მოგვარებასაც კარგა ხანია სთხოვენ შესაბამის სამსახურს.
ოზურგეთის ცხოველთა პოპულაციის ცენტრმა სოციალური ქსელით განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ პიტბული ახლა მათთან, თავშესაფარშია დაკვირვების ქვეშ.
ცენტრის ცნობით, ძაღლი ეზოში აიყვანეს, თუმცა, ოჯახის განცხადებით, ის უპატრონოა.
„ეს არ გავს ქუჩაში დაბადებულ და გაზრდილ ძაღლს. სავარაუდოდ, ის ან ახალი გადმოსმულია ან არასათანადო პირობებში იზრდებოდა“, - წერია ცენტრის განცხადებაში, რომელსაც თან ერთვის პიტბულის ფოტოც.