Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სოფელ ციგრიანთან ახალი საოკუპაციო ბანერი გამოჩნდა" - დავით ქაცარავა


ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის დავით ქაცარავას ცნობით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სოფელ ციგრიანის მახლობლად, ოკუპაციის ხაზზე გაჩნდა ე.წ. საზღვრის აღმიშვნელი ბანერი.

დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ამ ბანერის ამსახველ ფოტოს ავრცელებს. მისი თქმით, იქვე მდებარე სოფელ თამარიანის მცხოვრებლებს ოკუპირებულ ქედზე სამხედრო ტექნიკის გადაადგილების ხმა ხშირად ესმით და ხედავენ საოკუპაციო ძალების აქტივობას.

"სამწუხაროდ, ეს რეგიონიც შეტოვებულია რუსებთან ერთი-ერთზე, მოსახლეობის უსაფრთხოების ზომები, ნულოვანია", - წერს დავით ქაცარავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს საოკუპაციო ძალა გარკვეული ინტენსივობით ახორციელებს. სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, 1 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით, მათ დააფიქსირეს უკანონო ბორდერიზაციის 5 ფაქტი, ძირითადად გორის და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლებთან.

„ადგილი ჰქონდა, საოკუპაციო ღობეების როგორც გავლებას, ისე აღდგენას. ასევე გააკეთეს თხრილები. თითოეულ ამ ფაქტზე ცხელი ხაზი იქნა გააქტიურებული“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები ქართულმა მხარემ, 13 დეკემბერს ერგნეთში გამართულ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გააპროტესტა, გარდა ამისა, ქართული მხარე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვს. ამჟამად ცხინვალის ციხეში საქართველოს 5 მოქალაქე იმყოფება.

ამის პარალელურად, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მასშტაბური სამხედრო სწავლებები მიმდინარეობს, რომელშიც დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთელი შემადგენლობაა ჩართული.

წვრთნებში ჩართულია მძიმე ტექნიკა და სროლის ხმა ოკუპირებული რეგიონის მოსაზღვრე ქართულ სოფლებშიც ისმის, რაც ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს.

საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ცნობით, „სამხედრო მოსამსახურეებმა აჩვენეს სრული საბრძოლო მზადყოფნა, საბრძოლო უნარები, მძიმე ტექნიკიდან სროლა და მრავალი სხვა. სწავლების მიზანი იყო ჯარების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებამ სხვადასხვა ელემენტის დახვეწა, რათა გაეუმჯობესებინათ ტაქტიკური ცოდნა და პრაქტიკული უნარები საბრძოლო დავალების შესრულებისას“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ცნობაში.

სამხედრო სწავლებებს დაესწრო დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი და ე.წ. თავდაცვის მინისტრი მარატ პავლოვი. ალან გაგლოევმა ე.წ. თავდაცვის სამინისტროს პერსონალს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამხედროებმა დავალებებს თავი „შესანიშნავად გაართვეს“.

XS
SM
MD
LG