პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სრულიად საქართველოს მიულოცა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება. 14 დეკემბერს ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ ქართველი ხალხის გარეშე ეს მიღწევა არ იქნებოდა.
"მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, იმიტომ რომ დღეს ყველას უხარია. ყველამ იცის, რომ ეს არის ჩვენი მომავალი და ამისათვის გადავდგით ძალიან დიდი, სერიოზული ნაბიჯი. ამისთვის მინდა მადლობა ვუთხრა და პირადად ვუთხარი ეს შარლ მიშელს. მისი ძალიან დიდი წვლილია დღევანდელ დღეში, რომ გადაწყდა ეს ძალიან რთული ვითარება ევროკავშირში. არავინ იცოდა, როგორ გადაწყდებოდა. მათი დიპლომატიური ძალისხმევა იყო ძალიან სერიოზული.
მადლობა ქართველ ხალხს, მათ გარეშე არ იქნებოდა ეს დიდი მიღწევა. ესაა ყველასი, ჩვენი ერთობლივი მიღწევა. ეს არაა სიტყვები, რომ ერთად ვიყოთ, ერთსულოვანი... ეს მართლაც ასეა - რომ არა ერთად, ვერაფერს მივაღწევდით, ვერც დამოუკიდებლობას ადრე და ვერც დღეს ამ ნაბიჯის მიღწევას, არც ხვალ ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ ამას ვგებულობთ ასეთ ისტორიულ დღეებში და მერე გვავიწყდება. ერთიანობა, ერთობა არის უდიდესი ძალა, სხვა ძალა არ გაგვაჩნია", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა უკრაინასა და მოლდოვაზე, რომლებთანაც ევროკავშირმა გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო:
"ვესაუბრე [უკრაინის პრეზიდენტს] ვოლოდიმირ ზელენსკის და ესაა მისი ხალხის ძალიან დიდი დამსახურება. ეს აჩქარებული პროცესი, დღეს რაც ხდებოდა... ეს არ მოხდებოდა, თუ არა უკრაინელი ხალხის ბრძოლა, თავდადება და ეს 2-წლიანი უსასტიკესი ომი. ამისთვის დიდი მადლიერება უნდა გამოვხატოთ. მინდა მოვულოცო [მოლდოვის პრეზიდენტს] მაია სანდუს. უძლიერესი ქალია დღევანდელ დღეში, რომელმაც გაუძლო უდიდეს შეტევებს. მისი ქვეყანა მიიყვანა იქ, სადაც არავის ეგონა, რომ მიიყვანდა".
სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ აპირებს შეუერთდეს "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ ღონისძიებას, რომლის გამართვაც იგეგმება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიცემის აღსანიშნად:
"პრემიერმა, მე მგონი, გამოაცხადა, რომ ხვალ იქნება სახალხო ზეიმი ყველასი. მე ვუერთდები ამ ზეიმს. თქვენც უნდა შეუერთდეთ. თუ ტრიბუნასთან მომიწვევენ - კარგი, თუ არადა, ხალხში ვიქნები და ერთად ვიზეიმებთ ხვალინდელ დღეს, რომელიც არაა უკანასკნელი დღე - ამით იწყება საქართველოს მომავალი".
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საქართველოს მიანიჭეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაიხსნა გაწევრიანების მოლაპარაკებები.
"ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამის აუცილებელ ხარისხს მიაღწევს. საბჭომ მოიწვია კომისია, რათა მარტამდე მოამზადოს ანგარიში".
ბრიუსელში დღეს, 14 დეკემბერს, დაიწყო ევროპული საბჭოს სამიტი, რომელზეც ლიდერები განიხილავენ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას, სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში შემდგომ ნაბიჯებს. ასევე - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის საკითხებს, უკრაინისა და მისი ხალხისადმი ევროკავშირის უწყვეტ მხარდაჭერას.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მინიჭებოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუმცა ევროკომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო დათქმებით, რომ ქვეყანა ცხრა მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს.
საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა პირობიდან ნაწილი აგრძელებს 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციას, ზოგიერთი კი სრულიად ახალია.
ახალია დათქმა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლაზე.
ევროკომისია ასევე ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოოს.
ამჟამად ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი დაახლოებით 43%-ია, როდესაც ორიოდე წლის წინ 60%-ს აჭარბებდა. გაცილებით მაღალია მოლდოვისა და უკრაინის მაჩვენებლები.