Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიწის გაცვლის სანაცვლოდ, ცხინვალი თბილისს დელიმიტაციის ერთობლივი კომისიის შექმნას სთავაზობს


ცხინვალი
ცხინვალი

6 ნოემბრის კირბალის ინციდენტის და თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ ოსური და რუსული მხარეები განსაკუთრებით ააქტიურებენ ე.წ საზღვრის დელიმიტაციის თემას. ეს საკითხი მოსკოვმა და ცხინვალმა ჟენევის დისკუსიის მორიგ რაუნდზეც წამოჭრეს. მათი აზრით, თუ საქართველო ვერ აკონტროლებს გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებას, მაშინ ცხინვალთან ერთად უნდა ჩაერთოს დელიმიტაციის ერთობლივი კომისიის შექმნასა და მუშაობაში, რაც მომავალში მსგავს ინციდენტებს გამორიცხავს.

ერგნეთის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, 12 დეკემბერს, ცხინვალში ადგილობრივი მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველმა, ჟენევის დისკუსიის ფორმატში ოსური მხარის ხელმძღვანელმა კონსტანტინ კოჩიევმა. მან თქვა, რომ ე.წ საზღვარზე არსებული რთული ვითარებიდან გამოსავალი ერთობლივი კომისიის მიერ საზღვრის დელიმიტაციაზე შეთანხმების მიღწევა და შემდგომი დემარკაციაა.

კოჩიევის თანახმად, საბჭოთა პერიოდში გავლებული ადმინისტრაციული საზღვარი იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად არ იყო დადგენილი, ამიტომ, მისი აზრით, შესაძლებელია, შეთანხმების შემთხვევაში მოხდეს მიწის გაცვლაც.

„სადღაც არის ეკლესიები, სასაფლაოები და სხვა ობიექტები, რომლებიც, ალბათ, შეიძლება ერთმანეთს გავუცვალოთ, რადგან ერთ-ერთ მხარეს დიდი ინტერესი აქვს ამ მიმართულებით. ჯერჯერობით ქართული დელეგაცია არ არის მზად დელიმიტაციაზე მსჯელობისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აქამდეც მივალთ“, - ამბობს დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი კონსტანტინ კოჩიევი.

რუსეთის და ცხინვალის წარმომადგენლების მცდელობა, დაითანხმონ საქართველოს ხელისუფლება ერთობლივი კომისიის შექმნაზე, თუნდაც მიწის გაცვლის პირობით, ფაქტობრივად, ნიშნავს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და მისი ე.წ საზღვრების აღიარებას. ეს კარგად ესმის ქართული მხარის წარმომადგენელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, ირაკლი ანთაძეს, რომლისთვისაც ეს რეგიონი რუსეთის მიერ ოკუპირებულია და არსებობს საერთაშორისოდ დადგენილი ერთადერთი საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან:

„ამგვარ დისკურსში ცენტრალური ხელისუფლება არასოდეს არ შესულა და არც შევა. არსებობს საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში.“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ერგნეთის შეხვედრის დასრულების შემდეგ ილაპარაკა ასევე ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკითხზეც და თქვა, რომ მათ შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით "არანაირი კონკრეტული დაპირება არ გაჟღერებულა".

ქართული მხარის მოთხოვნაა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ გამოიჩინოს ჰუმანიტარული მიდგომა და დაკავებულები ახალ წლამდე გაათავისუფლოს. ცხინვალის ციხეში ამჟამად საქართველოს 5 მოქალაქე რჩება.

XS
SM
MD
LG