Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა ნორვეგიისგან დამატებით მიიღებს NASAMS-ის სარაკეტო სისტემებს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე. ოსლო, 13 დეკემბერი, 2023
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე. ოსლო, 13 დეკემბერი, 2023

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოთხშაბათს გამოუცხადებელი ვიზიტით იმყოფებოდა ნორვეგიაში. ის შეხვდა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტიორეს და მონაწილეობა მიიღო ჩრდილოეთის ქვეყნების სამიტში.

სტიორემ განაცხადა, რომ ნორვეგია მომავალშიც აპირებს უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. კერძოდ, მან გამოაცხადა უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალი ზომების შესახებ. ოსლო უკრაინას გამოუყოფს 3 მილიარდ ნორვეგიულ კრონას (დაახლოებით 273 მილიონი აშშ დოლარი) სახელმწიფო მომსახურებების უზრუნველსაყოფად, როგორებიცაა სასკოლო სისტემა და ჯანდაცვა.

გარდა ამისა, უკრაინა დამატებით მიიღებს NASAMS-ის ტიპის სარაკეტო სისტემებს 335 მილიონი კრონის საერთო ღირებულებით (დაახლოებით 3 მლნ აშშ დოლარი).

ჩრდილოეთის ქვეყნების სამიტზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ნორვეგიის, ფინეთის, შვედეთის, დანიისა და ისლანდიის ლიდერები, მიიღეს ერთობლივი განცხადება უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის გაგრძელებაზე იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა უკრაინას დასავლეთის დახმარების გარეშე გამარჯვება, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა: „გამარჯვება შეუძლებელია, მაგრამ დამარცხებაც შეუძლებელია“.

წინა ორი დღე ზელენსკიმ გაატარა შეერთებულ შტატებში, სადაც შეხვდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვაშინგტონში გამოვიდა კონგრესსა და ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში. კონგრესს ჯერაც არ დაუმტკიცებია უკრაინის დახმარების ახალი მსხვილი პაკეტი. ბაიდენმა კანონმდებლებს მოუწოდა, ის საშობაო არდადეგებამდე მიიღონ. ამერიკის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 200 მილიონ დოლარს გამოყოფს მის ხელთ არსებული უფლებამოსილებების წყალობით, რაც არ საჭიროებს კონგრესის დასტურს.

XS
SM
MD
LG