თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 2024 წლისთვის დედაქალაქის საახალწლო სლოგანი იქნება "თბილისი - ევროპული ქალაქი". ზუსტად ამ წარწერას ამონტაჟებდნენ რამდენიმე დღის წინ თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ნაძვის ხესთან. საახალწლო სლოგანი გასულ წლებშიც აქ იყო ხოლმე გამოფენილი.
გასულ წლებში დედაქალაქის საახალწლო სლოგანები იყო:
- 2018 წელს - სიცოცხლით სავსე ქალაქი;
- 2019 წელს - სიყვარულით სავსე ქალაქი;
- 2020 წელს - ისტორიით სავსე ქალაქი;
- 2021 წელს - სოლიდარობით სავსე ქალაქი;
- 2022 წელს - გვიყვარდეს ერთმანეთი;
- 2023 წელს - მშვიდობის ქალაქი.
თბილისის მერია კვლავ ტენდერის გარეშე ყიდულობს საახალწლო ღონისძიებებისთვის საჭირო მომსახურებას. ამისთვის ჯამში ბიუჯეტიდან იგეგმება 6 501 641 ლარის დახარჯვა.
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 2023 წლის 15 დეკემბრიდან 2024 წლის 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება შემდეგ ადგილებზე:
- ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე (გიორგი ათონელის ქუჩა, იტალიის ქუჩა, ანტონ ფურცელაძის ქუჩა, ფხოვის ქუჩა, ხაზინის ქუჩა);
- მშრალ ხიდზე და დედაენის ბაღში მოეწყობა "საახალწლო ქალაქი", ასევე გაიმართება საშობაო ბაზარი;
- რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ, დადგეს ცენტრალური ნაძვის ხე, რესპუბლიკის მოედანზე კი საახალწლო გალაკონცერტი გაიმართება.