უკრაინის უმსხვილესმა მობილურმა ოპერატორმა „კიევსტარმა“ დაადასტურა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქსელის მუშაობა ჰაკერულმა შეტევამ შეაფერხა. მანამდე გამოცემა dev.ua წერდა, რომ ჰაკერული თავდასხმა მოხდა ქსელის ბირთვზე.
კომპანიის აბონენტები მობილური სატელეფონო კავშირით და ინტერნეტით დღეს დილიდან ვერ სარგებლობენ. „კიევსტარი“ 24 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება.
კომპანიის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ჰაკერული შეტევის მიუხედავად, აბონენტების პერსონალურ მონაცემებს საფრთხე არ შეჰქმნია. „კიევსტარის“ ინფორმაციით, მისი სპეციალისტები კიბერშეტევის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობენ. საქმეს იძიებენ უკრაინის სპეცსამსახურები.