Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედეთი იზოტოპებს რუსეთში ბირთვული ქობინის მწარმოებლისგან ყიდულობს - გამოცემა Expressen-ი


რუსული „ელექტროხიმპრიბორის“ ქარხანა, რომელიც სხვა პროდუქციასთან ერთად, ბირთვულ ქობინებს აწარმოებს, იშვიათი რადიოაქტიური იზოტოპებით ამარაგებს შვედეთს იმ კომპანიების შუამავლობით, რომლებსაც, შესაძლოა, კავშირი ჰქონდეთ რუსულ სპეცსამსახურებთან. ამის შესახებ წერს შვედური გამოცემა Expressen-ი, რომლის თქმით, იზოტოპების მიწოდება ნაწილობრივ შვედეთის მთავრობის წყაროებიდან ფინანსდება. რუსეთში რადიოაქტიური იზოტოპების შეძენა სანქციებს არ ექვემდებარება.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ რადიოაქტიური იზოტოპები შეიძლება გამოყენებულ იქნას სამეცნიერო კვლევებში და სამედიცინო მიზნებისთვის. კომპანია „ელექტროხიმპრიბორმა“ მსოფლიოს მასშტაბით 35 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების იზოტოპები 2022 წლის თებერვლიდან (როდესაც რუსეთმა უკრაინაში მასშტაბური შეჭრა დაიწყო) 2023 წლის მარტამდე გაიტანა, - აცხადებს გამოცემა. ამავე დროს, იზოტოპების გაყიდვას ეწოდება ქარხნის "გვერდითი ბიზნესი", რადგან მისი ძირითადი საქმიანობა ბირთვული იარაღის წარმოებაა.

გამოძიების თანახმად, რუსულ იზოტოპებს შვედეთს გადამზიდველი კომპანიები Vealog-ი და Bdp-International-ი აწვდიან. ორივე კომპანია მოლდოვისა და შვედეთის მოქალაქის, ვიაჩესლავ კაისინის მიერ არის დაარსებული. ადრე შვედეთი მას ჯაშუშობაში და "გრუს" (რუსეთის მთავარი სამხედრო სადაზვერვო სამმართველო) აგენტებთან კავშირში სდებდა ბრალს, მაგრამ შემდეგ მან მოწმის სტატუსი მიიღო. ამავე დროს, გამოცემა Expressen-ი აცხადებს, რომ ამ ფირმებს “გრუს აგენტების ქსელი რუსი სამხედროებისთვის აღჭურვილობის მიწოდებისთვის იყენებს."

კიდევ ერთი შვედური კომპანია Neo net-ი იზოტოპებს ყაზანის კომპანიებისგან ყიდულობს და შემდეგ მთელ მსოფლიოში ყიდის. მისი მფლობელი არის შვედეთის მოქალაქეობის მქონე რუსი პიტერ ვასილიევი. Expressen-თან საუბარში ვასილიევმა აღიარა, რომ ყიდულობს პროდუქციას, თუმცა განაცხადა, რომ არ იცის, რომ ეს კომპანია ბირთვულ ქობინებსაც აწარმოებს. მან ხაზი გაუსვა, რომ ვერ ხედავს ეთიკურ პრობლემებს თავის ბიზნესში, რადგან მისი კომპანიის მიერ გაყიდული იზოტოპები სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენება.

XS
SM
MD
LG