Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს თბილისის ორგანიზაციების 300-მდე წევრი, მათ შორის საკრებულოს წევრები


"ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას" წევრები ტოვებენ. განცხადება მათ 10 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე გააკეთეს
"ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას" წევრები ტოვებენ. განცხადება მათ 10 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე გააკეთეს

ბათუმის, ზუგდიდის, ჭიათურის, ხობის, კასპისა და კახეთის შემდეგ, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 300-მდე წევრმა დატოვა თბილისში. პარტიას ტოვებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრიც, მათ შორის - ანა გოგოლაძე, ბესო გაზდელიანი და მამუკა გუგეშაშვილი.

განცხადება პარტიიდან წასვლის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა 9 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, პირველი საჯარო სკოლის წინ გააკეთეს.

პარტიის უკვე ყოფილი წევრები განმარტავენ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი გზები იყოფა, რადგან ისინი არ ეთანხმებიან პარტიის დღევანდელი მენეჯმენტის მუშაობისა და ბრძოლის მეთოდებს.

ბესო გაზდელიანის, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის განცხადებით, ისინი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას წინგადადგმული ნაბიჯით იწყებენ. ამით ის მიანიშნებს, რომ აპირებს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ ლიდერთან, ნიკა მელიასთან ერთად გააგრძელოს:

„მოგმართავთ ახალ მენეჯმენტს: მე არ ვიცი, რა არის თქვენთვის ეს პარტია, შეიძლება ეს არის მექანიზმი პარლამენტში მოხვედრის, შეიძლება ეს არის მექანიზმი თქვენი ამბიციების, მაგრამ ჩვენთვის ეს არის პოლიტიკური ოჯახი, სადაც მოვედით ღირებულებებით. ჩვენ ვტოვებთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ვდგამთ ნაბიჯს წინ, მომავალში, იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“.

საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი დავით ლაგვილავა ამბობს, რომ ისინი გეგმავენ იმ ახალ პარტიაში შესვლას, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერი ნიკა მელია უახლოეს მომავალში დააფუძნებს:

„დღეს, სამწუხაროდ, აღარაფერი დარჩა "ნაციონალური მოძრაობისგან", კერძოდ, იმ იდეალებისგან, იმ პრინციპებისგან, იმ ღირებულებებისგან, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენდა ქართულ პოლიტიკაში. ვაპირებთ, ახალ პარტიაში შესვლას, რომელიც აუცილებლად დაფუძნდება უახლოეს მომავალში ნიკა მელიას ხელმძღვანელობით და სწორედ ამ პარტიიდან ვაპირებთ ღირსებით, სიმართლით და შეუპოვრობით ბრძოლის გაგრძელებას“.

მამუკა გუგეშაშვილმა, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომელიც 10 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ თანაგუნდელებს შეუერთდა, პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიმართა:

„რუსული რეჟიმის გვერდით ნაბრძოლი ხალხი მოიყვანეს და თავზე დაასვეს იდეალებით სავსე ხალხს. ამიტომ, ამ ხალხზე თავზე დაჯდომას ვერც "ნაციონალებს" ვაპატიებთ და ბატონმა მიშამაც უნდა იცოდეს, ახლა ვინც ჰყავს მენეჯმენტში და ისინი ვინც მოათრია, ეგენი ამ პარტიას დაღუპავენ“.

პარტიის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში 9 დეკემბერს დაწერა თბილისის საკრებულოს წევრმა ანა გოგოლაძემ.

მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და შექმნილი ვითარება ყველას კარნახობს, რომ პოლიტიკური პროცესები არასწორად იმართება და საჭიროდ მიიჩნევს ,იყოს იმ გუნდში, რომელიც ასახავს მის ხედვებსა და მიდგომებს:

„მე ვუერთდები იმ ახალ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც იქნება პლატფორმა სწორი, საღი და რაც მთავარია, ჩემთვის მისაღები ფასეულობების და ღირებულებების. ახალ გუნდთან და თანამოაზრეებთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ, მეტად დემოკრატიული საქართველოსთვის და ჯანსაღი პოლიტიკური კულტურის დასამკვიდრებლად“.

დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ჩატარებულიყო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. იმ დროისათვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წინადადებას დასთანხმდა და არჩევნებში ლევან ხაბეიშვილთან დამარცხდა.

ნიკა მელია ღიად ლაპარაკობდა არაფორმალურ მმართველობაზე "ნაციონალურ მოძრაობაში", თუმცა, ამის მიუხედავად, პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას არ იღებდა. რამდენიმე დღის წინ, 7 დეკემბერს კი განაცხადა, რომ "წინ, მომავალში მიდის" და ახალი პარტიის დაფუძნება დააანონსა.

7 დეკემბერს საკუთარ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ნიკა მელიამ მადლობა გადაუხადა "ასიათასობით მხარდამჭერს" და თქვა, რომ მათთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას.

XS
SM
MD
LG