Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკვე მეოთხე დღეა ახლობლებს კავშირი არ აქვთ ალექსეი ნავალნისთან


ვლადიმირის ოლქში, მელეხოვის კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის გამოსახულება სასამართლო პროცესზე ვიდეოჩართვის დროს. 4 აგვისტო, 2023 წელი
ვლადიმირის ოლქში, მელეხოვის კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის გამოსახულება სასამართლო პროცესზე ვიდეოჩართვის დროს. 4 აგვისტო, 2023 წელი

საპატიმროში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მომხრეები იტყობინებიან, რომ მათ პოლიტიკოსთან კავშირი არ ჰქონიათ უკვე რამდენიმე დღეა. კორუფციასთან ბრძოლის ნავალნის ფონდის თავმჯდომარემ, მარია პევჩიხმა 8 დეკემბერს X-ის საიტზე დაწერა, რომ „ნავალნი გამქრალია უკვე სამი დღეა“. მისი თქმით, „ნავალნის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“. პევჩიხის თანახმად, ოპოზიციონერი სრულ იზოლაციაში იმყოფება.

კორუფციასთან ბრძოლის ფონდის სხვა თანამშრომელმა, რუსლან შევედინოვმა ინსტაგრამით დაწერა 8 დეკემბერს, რომ ბოლო მონაცემებით ნავალნი ავად გახდა თავის საკანში მძიმე პირობების გამო: შეზღუდული კვება, სუფთა ჰაერის არქონა და სეირნობის მინიმალური დრო.

ნავალნის თანამებრძოლმა, კირა იარმიშმა 8 დეკემბერს დაწერა X-ზე, რომ ნავალნის ადვოკატებმა ციხესთან იცადეს მთელი დღე და მათ პატიმრის მონახულება ვერ მოახერხეს.

8 დეკემბერს ნავალნიმ ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე დასწრება. ციხის ადმინისტრაციამ ტექნიკური პრობლემები მოიმიზეზა.

ნავალნი მოთავსებულია მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ვლადიმირის ოლქში, თაღლითობაში ბრალდების საფუძველზე. 2023 წლის სექტემბერში ის, როგორც "გამოუსწორებელი", გადაიყვანეს კამერული ტიპის ერთიან შენობაში, "ყველაზე მკაცრში შესაძლო სასჯელიდან ყველა ტიპის კოლონიებში", - წერდა თავად ნავალნი.

2023 წლის აგვისტოში მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ნავალნი დამნაშავედ ცნო ექსტრემისტული ჯგუფის შექმნაში, ექსტრემიზმისკენ მოწოდებებსა და მის დაფინანსებაში და 19 წლით მიუსაჯა პატიმრობა საგანგებო რეჟიმის კოლონიაში. ამ განაჩენის შესაბამისად, ნავალნი ამჟამინდელი კოლონიიდან სხვაგან უნდა გადაიყვანონ. ნავალნი დანაშაულს არ აღიარებს, ბევრი უფლებადამცველი ორგანიზაცია მას პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG