Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლ ოსურ დანაყოფებს სატრანსპორტო საშუალებები არ ჰყოფნით


ალან გაგლოევი ოკუპირებულ დონეცკში
ალან გაგლოევი ოკუპირებულ დონეცკში

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევი ოკუპირებულ დონეცკში ჩავიდა, სადაც ოსური ქვედანაყოფების მებრძოლებს შეხვდა. ამის შესახებ დე ფატო პრეზიდენტის პრესმდივანმა ნატალია ბოსიკოვამ განაცხადა.

"შეხვედრისას პრეზიდენტმა ჯარისკაცებს საბრძოლო დავალების შესასრულებლად ექვსი „ნივა“ და „უაზი“-ის მარკის მანქანები გადასცა. ბიჭებს ძალიან სჭირდებოდათ მანქანები", - თქვა ბოსიკოვამ. გარდა ამისა, პრესმდივნის თქმით, უკრაინაში, რუსეთის მხარეს მებრძოლ ჯარისკაცებს გადაეცათ ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც შედგება საჭირო აღჭურვილობით - საძილე ტომრები, გენერატორები, საკვები, და ა.შ.

ალან გაგლოევი სამხედრო მოსამსახურეებს და მოხალისეებს ესაუბრა და მადლობა გადაუხადა მათ გამბედაობისა და თავდადებისთვის სამსახურებრივი და საბრძოლო დავალების შესრულებისას.

"რესპუბლიკა ამაყობს თითოეული თქვენგანით, თქვენ ხართ ჩვენი დროის გმირები. ვამაყობ თქვენით", - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ალან გაგლოევმა აღნიშნა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა გააგრძელებს ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების ყოვლისმომცველ დახმარებას და მხარდაჭერას. მან ოსური ქვედანაყოფების მებრძოლები „სამშობლოს დამცველის“ მედლებით დააჯილდოვა.

ბოლო სამ კვირაში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკრაინიდან 3 მებრძოლი გადაასვენეს პირველ დეკემბერს ოკუპირებულ ცხინვალში დაასაფლავეს ადგილობრივი მცხოვრები აზამატ ბესტაევი, რომელიც უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოდა და ზაპოროჟიეს ოლქში დაიღუპა.

25 ნოემბერს ოკუპირებულ ჯავის რაიონში დაასაფლავეს ადგილობრივი მკვიდრი ბაგრატ გასიევი, რომელიც უკრაინაში რუსეთის არმიის რიგებში იბრძოდა.

ოსური მედიის ცნობით, 36 წლის გასიევი, ასევე ზაპოროჟიეს ოლქში დაიღუპა. 22 ნოემბერს ცხინვალის სასაფლაოზე დაკრძალეს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში დაღუპული ვლადიკ თედეევი. ისიც რუსეთის საოკუპაციო მე-4 ბაზაზე მსახურობდა.

ღია წყაროების ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის 40-მდე მკვიდრი დაიღუპა. რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის კონტრაქტით მომსახურე სამხედროები, ცხინვალიდან უკრაინაში შარშან ორ ეტაპად გაამგზავრეს.

გასული წლის 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით, 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი ამბობდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ.

XS
SM
MD
LG