Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იწყება 33-თვიანი პროექტი "ერთიანი საქართველო ევროპისთვის"


პროექტის "ერთიანი საქართველო ევროპისთვის" პრეზენტაცია
პროექტის "ერთიანი საქართველო ევროპისთვის" პრეზენტაცია

"ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" პარტნიორ ორგანიზაციებთან - "სამხრეთ კავკასიაში კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლობასთან", "ღია საზოგადოების ფონდთან" და "თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან" - ერთად იწყებს პროექტს "ერთიანი საქართველო ევროპისთვის". 33-თვიანი პროექტის მხარდამჭერი ევროკავშირია.

პროექტის "ერთიანი საქართველო ევროპისთვის" პრეზენტაცია
პროექტის "ერთიანი საქართველო ევროპისთვის" პრეზენტაცია

"ვიწყებთ ამ გრძელვადიან, 33-თვიან პროექტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. მთავარი მიზანი იქნება სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიის, ახალგაზრდების, ბიზნესმენების გაძლიერება ევროინტეგრაციის პროცესში", - უთხრა ჟურნალისტებს "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" დირექტორმა ნინო ევგენიძემ.

პროექტის "ერთიანი საქართველო ევროპისთვის" პრეზენტაცია
პროექტის "ერთიანი საქართველო ევროპისთვის" პრეზენტაცია

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდროვიჩმა კი ყურადღება გაამახვილა ევროინტეგრაციის გზაზე ეროვნული კონსენსუსის მნიშვნელობაზე.

"ახლა ვიწყებთ ამ პროექტს "ერთიანი საქართველო ევროპისთვის". ჩვენ გვინდა, რომ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით შემუშავდეს კონსენსუსი, საქართველო წავიდეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ხალხს უნდა, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს, მაგრამ მარტივი იქნება, თუ ამ მიზნისთვის ყველა ერთად იმუშავებს. ჩვენ უკვე 25 წელია, რაც ევროკავშირის გაფართოებაზე ვზრუნავთ. ამ გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ძალიან დიდი მნიშვნელობის არის ეროვნული კონსენსუსი", - თქვა მან.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:

  • "დამოუკიდებელი მონიტორინგის წარმოება და შესაბამისი ანალიტიკური მოხსენებების მომზადება სახელმწიფო და ევროპულ პოლიტიკაზე საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მხარდასაჭერად";
  • კოალიციების და ქსელების შექმნა მთელი საქართველოს მასშტაბით - „ევროპული ინტეგრაციის რეგიონული სამოქალაქო საბჭოების“ და „ევროპული ინტეგრაციის მედია კოალიციის ჩამოყალიბება“;
  • ფინანსური მხარდაჭერის მეშვეობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (პრიორიტეტით ადგილობრივ ორგანიზაციებზე) იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ახალისებენ და ხელს უწყობენ;
  • იურიდიული დახმარების რეგიონული ბიუროების გახსნა არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის იურიდიული დახმარების გასაწევად;
  • საქართველოს სკოლებში ევროპის შესახებ ლექციების ჩატარება და ევროპული ახალგაზრდული ბანაკების მოწყობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდებისთვის;
  • მედიაპროდუქტების მომზადება კრეატიული სააგენტოების, მარკეტინგული და საკომუნიკაციო კომპანიების ჩართულობით;
  • ევროკავშირის საინფორმაციო ავტობუსისა და კარდაკარის კამპანიის ორგანიზება საქართველოს გარშემო;
  • მაღალი დონის კონფერენციის ორგანიზება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე.

პროექტის პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ექსპონატები "იმ ქართველ ისტორიულ მოღვაწეებსა და/ ან ისტორიულ ფაქტებზე, რაც ადასტურებს საქართველოსა და მისი მოქალაქეების ერთგულებას ევროპული დემოკრატიული ღირებულებებისადმი, საქართველოს ისტორიულ კავშირს ევროპასთან".

XS
SM
MD
LG