"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი ელის, რომ ნიკა მელია პოლიტიკაში პროდასავლურ ველს გააძლიერებს. ფავლენიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთადერთი გამოწვევა "რუსული ოცნება და ბიძინა ივანიშვილია".
"ჩვენი სურვილიც არის, რომ უფრო ძლიერი იყოს პროდასავლური ველი. თუ ბატონი ნიკა [მელია] ქიმერებთან ბრძოლას შეეშვება და დაიწყებს ბრძოლას ნამდვილი მტრების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენი კონკურენტი კი არა, მოკავშირე იქნება. ამის გამო კონკურენტად ვერ განვიხილავთ", - ამბობს ენმ-ის გენერალური მდივნის მოადგილე.
კითხვას, შეამცირებს თუ არა ნიკა მელიას "ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლა პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობას, ირაკლი ფავლენიშვილმა ასე უპასუხა:
"ნაციონალურ მოძრაობას" და მიხეილ სააკაშვილს ჰყავს ძლიერი ელექტორატი. რაც შეეხება ხმების წართმევას, ყველა ადამიანი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. შეიძლება, ვინც ხმას აძლევდა "ნაციონალურ მოძრაობას", მას მისცეს, მაგრამ ელექტორალურად [პროცენტში] ეს არ აისახება. ბევრჯერ ყოფილა და უფრო მეტი ადამიანი წასულა, მაგრამ პატია უკეთეს შედეგებს აჩვენებდა...
ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ამ არჩევნებში ჩვენი ხმების რაოდენობა გაიზრდება. მით უფრო, რომ "ოცნების" დელეგიტიმიზაციის მაჩვენებელი ბევრად გაზრდილია. საერთოდ აღარ აქვთ სახალხო მხარდაჭერა.. "ნაციონალური მოძრაობა" მუშაობს, პოლიტიკურ ქიმერებს არ ებრძვის, გადასულია მუშაობის რეჟიმზე რეგიონებსა და თბილისში. ეს აუცილებლად აისახება რიცხვებში. მეორე ადგილზეც არ ვაპირებთ გასვლას, "ქართულ ოცნებაზე" მაღალი მაჩვენებელი გვექნება".
ნიკა მელიამ გუშინ, 7 დეკემბერს, პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ "მივდივარ წინ, მომავლისკენ". მოგვიანებით, მან დააზუსტა, რომ ტოვებს "ნაციონალურ მოძრაობას" და აფუძნებს ახალ პარტიას.
დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ჩატარებულიყო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. იმ დროისათვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წინადადებას დასთანხმდა და არჩევნებში დამარცხდა.
ნიკა მელია ღიად ლაპარაკობდა არაფორმალურ მმართველობაზე "ნაციონალურ მოძრაობაში", თუმცა, ამის მიუხედავად, პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას არ იღებდა.
„საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით“, - თქვა 26 ნოემბერს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა თავის წინამორბედზე.
იმავე დღეს „ფორმულის“ ღამის ეთერში მან განაცხადა, რომ მელიას ჰქონდა დრო, შეერთებოდა პარტიის 23 ნოემბრის მანიფესტს, თუმცა ეს არ გააკეთა და მელიამ „თავად გადაწყვიტა“.