სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ დაკავებული სამხედრო მოსამსახურეების გაცვლაზე და ასევე კიდევ ერთხელ გამოხატეს მზადყოფნა, რომ „მოახდინონ ურთიერთობის ნორმალიზება და მიაღწიონ სამშვიდობო შეთანხმებას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე“.
აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდის“ ცნობაში ხაზგასმულია, რომ მხარეებს შორის ნდობის განმტკიცების შესახებ მოლაპარაკებები აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატს შორის გაიმართა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი განცხადების თანახმად, იხელმძღვანელა რა ჰუმანიზმის პრინციპებით, კეთილი ნების ჟესტის სახით აზერბაიჯანის რესპუბლიკა გაათავისუფლებს 32 სომეხ ჯარისკაცს, ხოლო სომხეთის მხარე იმავე მოსაზრებით აზერბაიჯანს 2 სამხედროს გადასცემს.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა უახლოეს მომავალში გააგრძელებენ მოლაპარაკებებს ნდობის აღდგენის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების შესახებ და მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, მხარი დაუჭირონ მათ ძალისხმევას, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთნდობის დამყარებას და დადებით გავლენას მოახდენს მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე", - ნათქვამია სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივ განცხადებაში.
ნოემბრის ბოლოს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიანიშნა მზაობაზე, ხელახლა ჩაერთოს სამშვიდობო მოლაპარაკებაში აზერბაიჯანთან. ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც 21 ნოემბერს ბაქო ერევანთან პირდაპირი მოლაპარაკების გამართვის წინადადებით გამოვიდა. აზერბაიჯანის თანახმად, მოლაპარაკება უნდა შედგეს ორივე მხარისთვის მისაღებ ადგილზე, მათ შორის ორი სახელმწიფოს საზღვრის გასწვრივ.
აზერბაიჯანის წინადადების პასუხად, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 22 ნოემბერს განაცხადა, რომ ერევანი მზადაა აღადგინოს მოლაპარაკებებში მონაწილეობა იმ პირობით, რომ იგი დაეფუძნება იმ სამ საბაზისო პრინციპს, რომლებიც სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თქმით, შეთანხმებულია დასავლეთის შუამავლობით წარმოებულ მოლაპარაკებებზე 2022 და 2023 წლებში.