ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ გამოავლინა რუსული სპეცსამსახურების საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის პოლიტიკასა და დემოკრატიულ პროცესებზე ზემოქმედებას კიბეროპერაციების საშუალებით.
როგორც ოფიციალურ შეტყობინებაშია ნათქვამი, რუსეთის "ეფესბეს" ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "ცენტრი 18", ბრიტანელ პარლამენტარებზე, ასევე სამთავრობო უწყებებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, უნივერსიტეტებსა და ცნობილ პირებზე განხორციელებული არაერთი ჰაკერული თავდასხმების უკან დგას. ეს თავდასხმები, როგორც ბრიტანეთის ხელისუფლება ამტკიცებს, განხორციელდა "ეფესბეს" მიერ კონტროლირებადი ჰაკერული ჯგუფის მიერ, რომელიც ცნობილია Star Blizzard-ის, SEABORGIUM-ის, Callisto Group-ისა და რიგი სხვა სახელებით.
ბრიტანეთის ხელისუფლების ცნობით, ჰაკერული თავდასხმები 2015 წლიდან უკანასკნელ პერიოდამდე გრძელდებოდა.
ჩამოთვლილ შემთხვევებს შორისაა კიბერთავდასხმები ბრიტანეთის პარლამენტში შემავალი სხვადასხვა პარტიის წევრებზე; 2019 წლის არჩევნებამდე აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო შეთანხმების საკითხებზე გამართული მოლაპარაკებების დოკუმენტებში შეღწევა და პრესაში მათი გაჟონვა; შეღწევა არასამთავრობო ორგანიზაცია „სახელმწიფოს მართვის ინსტიტუტის“ კომპიუტერში 2018 წელს , რასაც მოჰყვა მისი დამფუძნებლის, კრისტოფერ დონელის დოკუმენტებზე წვდომის მოპოვება და მათი გაჟონვა.
როგორც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ კემერონის განცხადებაშია ნათქვამი, "სრულიად მიუღებელია რუსეთის მთავრობის მცდელობა, ჩაერიოს ბრიტანეთის პოლიტიკაში, რაც მიზნად ისახავს ჩვენი დემოკრატიული პროცესების საფრთხის ქვეშ დაყენებას."
ამის გამო რუსეთის ელჩი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ლონდონმა გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებს რუსეთის ორ მოქალაქეს. ესენი არიან რუსლან პერეტიატკო, სავარაუდოდ, "ეფესბეს" ოფიცერი და ანდრეი კორინეცი, იგივე ალექსეი დოგუჟიევი.
შეერთებულმა შტატებმა ხუთშაბათს ასევე დააწესა სანქციები ამ პირების წინააღმდეგ.
რუსული მხარის მხრიდან აღნიშნულ ბრალდებებს რეაქცია ჯერ არ მოჰყოლია.