მოსკოვის ბასმანის სასამართლომ 13 მარტამდე გაახანგრძლივა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ადვოკატების, ვადიმ კობზევის, იგორ სერგუნინისა და ალექსეი ლიპსერის პატიმრობის ვადა. მათ ბრალად ედებათ ექსტრემისტულ საზოგადოებაში მონაწილეობა.
როგორც "მედიაზონის" კორესპონდენტი იუწყება, სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ცნობილია, რომ კობზევმა და ლიპსერმა შეხვედრის დახურვა გააპროტესტეს. 16 ნოემბერს სამივე ადვოკატს საბანკო ანგარიშები დაუბლოკეს და ისინი აღმოჩნდნენ „როსფინმონიტორინგის“ ბლოკირებულთა სიაში, რომელშიც ექსტრემიზმში ბრალდებული ადამიანები შედიან.
გამომძიებლების თქმით, ადვოკატები დაეხმარნენ ნავალნის, დაჰკავშირებოდა ანონიმურ ექსტრემისტულ ორგანიზაციას. რუსეთის ხელისუფლებამ ექსტრემისტულად აღიარა ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებული ანტიკორუფციული ფონდი და პოლიტიკოსის მხარდამჭერთა რეგიონული შტაბის ქსელი.
ადვოკატები უარყოფენ დანაშაულს. ადამიანის უფლებათა დაცვის პროექტმა „პოლიტპატიმრების მხარდაჭერა. მემორიალი“ ისინი პოლიტპატიმრებად აღიარა.
სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომელიც ექსტრემისტულ საზოგადოებაში მონაწილეობას შეეხება, ალექსეი ნავალნის ადვოკატებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
- ნავალნი მძიმე მოწამვლის სიმპტომებით 2020 წლის 20 აგვისტოს ომსკის საავადმყოფოში მოხვდა. შემდეგ მკურნალობდა ბერლინის საავადმყოფოში, სადაც დაუდგინეს, რომ შეიძლება რუსული წარმოების შხამით ყოფილიყო მოწამლული. ნავალნის მომხრეებმა უშიშროების სამსახური და ქვეყნის ხელისუფლება მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულეს. რუსეთის მთავრობა უარყოფს მოწამვლის ფაქტს.
- გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ნავალნი დააკავეს და გაგზავნეს კოლონიაში, რადგან ძველ საქმეში გამოტანილი პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალეს. მოგვიანებით ოპოზიციონერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე ახალი საქმე აღიძრა. ის ცხრაწლიან პატიმრობას იხდის ვლადიმირის რეგიონის სასჯელაღსრულების კოლონიაში.
- აგვისტოს დასაწყისში სასამართლომ ნავალნის 19 წელი მიუსაჯა ექსტრემიზმის შესახებ სისხლის სამართლის ახალ საქმეში. ის თავის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დევნას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს. ამავე პოზიციას იზიარებენ უფლებადამცველი ორგანიზაციები.