რამდენიმე დღის წინ თბილისის გარეუბანში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე, დროშა აღმართეს. ვარკეთილში დროშა დაახლოებით 55 მეტრის სიმაღლის ძელზე კიდია და მისი დანახვა შესაძლებელია არა მხოლოდ ახლოს მდებარე კორპუსებიდან.
ორმხრივი დროშის ნაჭერი 10X15 მეტრი ზომის არის და უნდა გაუძლოს ძლიერ ქარს, წვიმას და მზეს. დაახლოებით 18-სართულიანი კორპუსის სიმაღლის ძელის ბოლო ნიავის დაბერვის დროს ბრუნავს, რაც გამორიცხავს დროშის მასზე დახვევას. სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მინიმუმამდეა შემცირებული ვანდალიზმის შედეგად სახელმწიფო სიმბოლოს დაზიანება ან ჩამოხსნა.
დროშის აღმართვა სამგორის რაიონის გამგეობას 317 ათასი ლარი უჯდება (ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი). დაკვეთის შესასრულებლად გამოცხადებული იყო ტენდერი, რომელშიც შპს "ემსილაითმა" გაიმარჯვა. ხელშეკრულება 2023 წლის 2 ნოემბერს დაიდო, სამუშაოები სრულად უნდა დასრულდეს 25 დეკემბერს.
დროშის ძელის თავზე დაყენებულია მანათობელი შუქურა, რომლის ჩართვა-გამორთვაც შეიძლება. ფასში გათვალისწინებული იყო სადროშე ბოძის ტრანსპორტირება, აწყობა და მონტაჟი.
შესყიდვების სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ ამ კომპანიას დროშები და მსგავსი კონსტრუქციები დამონტაჟებული აქვს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში:
- ფოთში - 64 310 ლარი;
- ხარაგაულში - 19 942 ლარი;
- ახმეტაში - 43 424 ლარი;
- საგარეჯოში - 30 326 ლარი;
- ყვარელში - 29 900 ლარი;
- მცხეთაში - 61 400 ლარი;
- ლაგოდეხში - 42 950 ლარი;
- თიანეთში - 22 540 ლარი;
- ბორჯომში - 21 789 ლარი;
- ჩხოროწყუში - 21 393 ლარი;
- მარტვილში - 21 122 ლარი;
- ადიგენში - 21 500 ლარი;
- ონში - 21 800 ლარი;
- ხაშურში - 18 292 ლარი.
ასე დააკმაყოფილა შპს "ემსილაითმა" სატენდერო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, კომპანიას 500 000 ლარზე მეტის სამუშაოები უნდა ჰქონოდა შესრულებული.