რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც სასჯელს იხდის რუსეთის ვლადიმირის ოლქის კოლონიაში, რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ საპრეზიდენტო არჩევნებში და ხმა პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ მისცენ.
ცნობა სოციალური ქსელებით გავრცელდა.
„ყველა არჩევნები, თვით ყველაზე გაყალბებულიც, დაეჭვების დროა. ხალხი დაფიქრდება, ვინაა ხელისუფლებაში და რატომ. რუსეთის ოპოზიციის და ყველა პატიოსანი მოქალაქის მთავარი ამოცანაა, მთელი ძალით უპასუხონ ამ ეჭვებს. გავწიოთ აგიტაცია, რომ 71 წლის პუტინი, რომელიც 24 წელიწადი ხელისუფლებაშია, არ უნდა დარჩეს კიდევ 6 წლით. მან რუსეთს ზიანი მოუტანა, ის უნდა წავიდეს“, - ნათქვამია პოლიტიკოსის ბლოგში.
რუსეთის ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად დაადგინა 2024 წლის 17 მარტი. 2020 წელს მიღებული შესწორებით, რუსეთის კონსტიტუცია მოქმედ პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ნებას რთავს, კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი. პუტინი ადრე აცხადებდა, რომ თავის გეგმებს არჩევნების თარიღის დანიშვნის შემდეგ გაამხელდა.
არჩევნებში მონაწილეობის შესახებ უკვე გამოაცხადეს რუსეთის კომპარტიის თავმჯდომარე გენადი ზიუგანოვმა, საგამოძიებო იზოლატორში მყოფმა, დუმის ყოფილმა დეპუტატმა ბორის ნადიოჟდინმა, დონეცკში პრორუსული სეპარატისტების ყოფილმა სამხედრო მეთაურმა იგორ სტრელკოვმა (გორკინი) და ასევე ჟურნალისტმა ეკატერინა დუნცოვამ. თავისი კანდიდატის დასახელებას გეგმავს პარტია „ნოვიე ლიუდი“ (ახალი ადამიანები).