შეერთებულმა შტატებმა ოთხ რუს სამხედროს ბრალი წაუყენა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს ამერიკის მოქალაქის წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ასეთი რამ პირველად ხდება.
რუსეთის ოთხი მოქალაქის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულის საბრალდებო დასკვნა მოიცავს ბრალდებას წამების, არაადამიანური მოპყრობის, სამხედრო დანაშაულის ჩადენის მიზნით შეთქმულების და ამერიკის მოქალაქის მიმართ უკანონო მოპყრობის თაობაზე.
სამხედრო დანაშაულებში ბრალი ედებათ სურენ მკრტჩიანს და დმიტრი ბუდნიკს და კიდევ ორ პირს, ვალერის და ნაზარს, რომლებიც დოკუმენტში მოხსენიებული არიან გვარების გარეშე. აშშ-ის მოქალაქის ვინაობა არ სახელდება. არც იმას აკონკრეტებენ, ჰქონდა თუ არა მას რაიმე კავშირი ჯართან.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებმა დაკითხეს, სცემეს და აწამეს აშშ-ის მოქალაქე. ისინი ასევე მას მოკვლით ემუქრებოდნენ და იმიტირებული სიკვდილით დასჯა მოუწყვეს, განაცხადა იუსტიციის დეპარტამენტმა.
„ეს ბრალდებები ცხადყოფს, რომ ბრალდებულების სავარაუდო ქმედებები წარმოადგენს არა მხოლოდ ჟენევის კონვენციის უხეშ დარღვევას ომის დროს სამოქალაქო პირების დაცვასთან დაკავშირებით, არამედ ამერიკის კანონმდებლობის დარღვევასაც“, - თქვა ვირჯინიის ოლქის პროკურორმა ჯესიკა აბერმა.
აშშ-ის კანონმდებლობით, ბრალდებულებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.