19 არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმაურება საჯარო სკოლების დირექტორობის კონკურსში მონაწილე მასწავლებლების პროტესტს, რომელიც განათლების სამინისტროსთან მიმდინარეობს. ორგანიზაციები მოუწოდებენ სამინისტროს, დაიწყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა საფრთხე არ შეექმნას პროტესტში მონაწილე ადამიანთა ჯანმრთელობას.
საჯარო სკოლების დირექტორების არჩევის პროცესთან მიმართებით, ისინი რამდენიმე რეკომენდაციას გასცემენ:
- "გამოცხადდეს ხელახალი კონკურსი იმ სკოლებში, სადაც სამეურვეო საბჭოსთვის არ იყო წარდგენილი დირექტორობის კანდიდატ(ებ)ი;
- შეიცვალოს სკოლებში დირექტორობის კანდიდატების წარდგენის წესი და ამ სკოლებში ნებისმიერ სერტიფიცირებულ კანდიდატს მიეცეს მისთვის სასურველ სკოლაში დირექტორობის კანდიდატად დარეგისტრირების უფლება. დირექტორობის კანდიდატის თანამდებობასთან შესაბამისობა გადაწყვიტოს მხოლოდ სკოლების სამეურვეო საბჭომ, სამინისტროს მიერ დანიშნული გასაუბრების გარეშე.
- სასერტიფიკატო წერითი გამოცდა ჩაბარებული დირექტორობის მსურველებისთვის (162 ადამიანი) დაინიშნოს ხელახალი გასაუბრება. გასაუბრების წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, ამ პირებსაც მიეცეთ ხელახალ არჩევნებში მონაწილეობის უფლება;
- გაიმართოს მოლაპარაკებები სერტიფიცირებულ დირექტორობის კანდიდატებთან და იმ სკოლებში, სადაც არ იქნება სერტიფიცირებული კანდიდატი (1-3 პუნქტის განხორციელების შემდეგაც), დისკრეციის უფლებით დაინიშნონ სერტიფიცირებული კანდიდატები. ასეთ(ებ)ის არ არსებობის შემთხვევაში, დისკრეციის უფლებამოსილების გამოყენება დასაბუთებული იყოს არგუმენტირებულად.
- შეიქმნას სამუშაო ჯგუფი (სპეციალური კომისია), რომელიც: უზრუნველყოფს სკოლის დირექტორობის შერჩევისა და არჩევის ახალი წესის შემუშავებას, რომლის საფუძველზეც მომავალში ჩატარდება დირექტორების კონკურსი; სასერტიფიკატო გამოცდაჩაბარებული დირექტორობის მსურველებისთვის (162 ადამიანი) ჩაატარებს გასაუბრებას. შეიმუშავებს სტრატეგიას სკოლის დირექტორების მუდმივი პროფესიული განვითარების სისტემის შესაქმნელად. სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კომისია დაკომპლექტებული იყოს მაღალი რეპუტაციის მქონე თემატური საზოგადოებრივი ორგანიზაციების, განათლების სპეციალისტების, სახალხო დამცველისა და სხვა შესაბამისი წარმომადგენლების მიერ.
- სამუშაო ჯგუფის მიერ შექმნილი დოკუმენტების აღსრულების ვალდებულება დაეკისროს საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს".
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები:
- განათლების კოალიცია
- სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR)
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- ღია სივრცე კავკასია (COS)
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
- მშობლები განათლებისთვის
- საფარი
- სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- ა(ა)იპ შეხვედრის ადგილი დმანისი
- თავისუფალი ასოციაცია
- საერთაშორისო გამჭვირვალობა, საქართველო
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
- დემოკრატიის მცველები
- სამოქალაქო განათლებისა და რეაბილიტაციის ცენტრი (CERC)
- ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- საქართველოს მომავლის აკადემია (GFA)
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
უკვე მეორე დღეა, საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევ კონკურში მონაწილე მაია ეკალაძე განათლების სამინისტროს შენობის წინ შიმშილობს. პროტესტის ამ ფორმით ის სამინისტროს მაღალჩინოსნების ყურადღების მიქცევას ცდილობს. მაია ეკალაძესთან ერთად სამინისტროს წინაა მისი ორი კოლეგა: დათო ფერაძე და გიორგი ჭაუჭიძე. მათაც სკოლის დირექტორობა სურდათ.
მაია ეკალაძე, რომელიც თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, იხსენებს, რომ დირექტორობის სურვილი ჯერ კიდევ 2014 წელს ჰქონდა, როცა სერტიფიკატის მისაღები გამოცდები ჩააბარა - მაშინ ისეთ სკოლებს შესთავაზეს მისი კანდიდატურა, სადაც კონკურსში მონაწილეობდნენ მოქმედი დირექტორებიც. ვერ გაიმარჯვა და ამაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს. მესამედ დირექტორობა 2023 წელს სცადა, მაგრამ ამჯერად სამინისტროს კომისიამ მას უარი უთხრა გასაუბრების შემდეგ, კონკურსის პირველივე ეტაპზე.
"ყველაფერმა ჩაიარა ძალიან კარგად 5 აპრილს, როცა გასაუბრება იყო. თუმცა 24 აპრილის სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ მე უნდა დავეწუნებინე. პირველივე გასაუბრებაზე დამბლოკეს - სერტიფიკატიც არ მომცეს...
არ არსებობს გასაუბრების ვიდეოჩანაწერი. ფურცელზე არაფერს ინიშნავდნენ. როგორ დამიმახსოვრეს ყველა კრიტერიუმით ამდენი დღის განმავლობაში?! მე არ მაქვს დოკუმენტი, რომლის წაღებასაც სასამართლოში შევძლებ. მომცეს მხოლოდ ოქმი, რომელსაც ხელს ჩემი კომისიის წევრები არ აწერენ, სხვა ადამიანები არიან", - ამბობს მაია ეკალაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში.
განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს, 4 დეკემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ამ საკითხზე კითხვა დაუსვა "ფორმულის" ჟურნალისტმა. მინისტრი ფიქრობს, რომ მედიასაშუალებების ნაწილი ცდილობს, რეფორმები დააზიანოს.
"თქვენ მოდიხართ, რა თქმა უნდა, "მთავარი", "TV პირველი" და ყოველდღე ან არ ვიცი, საქმე გამოგელიათ, ან მიზანმიმართულად გინდათ მთავარი რეფორმები დააზიანოთ. აშუქებთ ორი ადამიანის პროტესტს, რომელიც მნიშვნელოვანია, თავისთავად, ერთი ადამიანისაც კი, მაგრამ გამოგყავთ ეს, თითქოს სისტემური და ათიათასობით ადამიანის პროტესტია მაშინ, როდესაც 92%-ში იქნება არჩევნები სამართლიანად ჩატარებული", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.