მოსკოვის ოლქში მკვდარი იპოვეს უკრაინის უმაღლესი რადის ყოფილი დეპუტატი ილია კივა. ამის შესახებ პირველი იტყობინებოდა რუსული ტელეარხი „რენ ტვ“ წყაროებზე დაყრდნობით.
რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ თანამოსაუბრემ სასწრაფო დახმარებაში და RBC-ს წყარომ, რომელიც შსს-სთან არის ახლოს, თქვეს, რომ გვამი აღმოჩენილია სოფელ სუპონევოში, ოდინცოვოს რაიონში. სიკვდილის გარემოებებს იძიებენ.
ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ არის დადასტურებული. მოსკოვის ოლქის შსს მთავარ სამმართველოში RBC-ს შეატყობინეს, რომ ჯერჯერობით არ მოეპოვებათ ინფორმაცია კივას სავარაუდო სიკვდილის შესახებ.
„უკრაინსკაია პრავდის“ წყაროები ირწმუნებიან, რომ კივას სიკვდილის უკან დგას უკრაინის უშიშროების სამსახური.
ნოემბრის შუა რიცხვებში ლვოვის სასამართლომ კივა სახელმწიფო ღალატში ცნო დამნაშავედ და დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა.
ყოფილი მილიციელი კივა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი იყო, კიევის მხარეს მონაწილეობდა დონბასის ომში. ის სათავეში ედგა რუსეთში აკრძალულ „პრავი სექტორს“. 2014 წელს კივა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა და ხმების 0,03% მოაგროვა. რადაში ის აირჩიეს პარტიიდან „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება პრორუსულად მიიჩნევს.
პოლიტიკოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე. დეპუტატი შეჭრამდე რეგულარულად მონაწილეობდა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის გადაცემებში და ცხოვრობდა ესპანეთში. მოგვიანებით მან უკრაინის ხელისუფლებას ბრალი დასდო მისი მოტაცების მცდელობაში და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა რუსეთში.
კიევი ირწმუნება, რომ კივა რუსეთში ცხოვრობს.