საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში შეხვდა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობები, რეგიონში მიმდინარე მოვლენები და მომავლის გეგმები განიხილეს.
„ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა. პარლამენტის თავმჯდომარემ მირჩა ჯოანას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პროგრესის მიღწევას“, - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგვიანებით მედიასთან საუბარში შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ნატოს მომავალი წლის ვაშინგტონის სამიტი, იმ თვალსაზრისით, რომ „მკაფიო მხარდაჭერა იყოს საქართველოს გაწევრიანების და ასევე საქართველოს მიმართ დახმარების“.
მისივე სიტყვებით, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ხარისხი არის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი, ისევე როგორც უმაღლეს დონეზეა თავსებადობა სამხედრო თვალსაზრისით. ეს, შალვა პაპუაშვილის თანახმად, საკმარისი პირობაა, რათა საქართველო ნატოს წევრი გახდეს.
„ჩვენი სურვილია, რომ მკაფიო მიდგომები გვქონდეს ნატოს მხრიდან საქართველოს გაწევრიანების გზაზე. საქართველო უკვე დიდი ხანია იქცევა, როგორც ნატოს მოკავშირე წევრი ქვეყანა. ჩვენი ქცევითა და ჩვენი კონტრიბუციით უსაფრთხოების საკითხებში დიდი ხანია ისე ვიქცევით, როგორც ალიანსის წევრი. ამავე დროს, ნატოსთან ჩვენი თავსებადობა სამხედრო ძალების უმაღლეს დონეზეა. ჩვენს სამხედრო კონტინენტს ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობა მიღებული აქვს მისიებში და ა.შ. ამით თავსებადობაც უზრუნველყოფილია. თუ ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები შედარდება ნატოს წევრ ქვეყნებთან, ეს არის შესაბამის სტანდარტზე, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს. უკვე დიდი ხანია ყველა ამ პარამეტრით საქართველო მზად არის იმისთვის, რომ ნატომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს და საჭიროა ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოს მხრიდან. რაც შეეხება უშუალო საკითხებს, ეს აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივაა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, რუსეთის ოკუპაციის პირობებში, მაშინ, როცა ქვეყანას არ იცავს ევროკავშირის და ნატოს ქოლგა, საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ.
„ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინის მიმართ ისე, რომ არ გვიცავს არც ნატოს ატომური ქოლგა, არც ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა და ამავე დროს რუსეთს ჩვენი ორი რეგიონი ოკუპირებული აქვს. ამ გამოწვევების მიუხედავად, ამ გარემოში სრულად სოლიდარული ვართ უკრაინის მიმართ და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით შეხედონ საქართველოს და ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომ ამ სოლიდარობის ფონზე პასუხისმგებელი ვართ ჩვენი მოქალაქეების წინაშე, რომ უსაფრთხოების გარემო არ გაუარესდეს და არ გავრისკოთ სამხედრო კონფრონტაცია რუსეთთან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ნატოს შტაბბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი. ვიზიტი 7 დეკემბერს სრულდება.
ნატოს გაცხადებული პოლიტიკით, საქართველოსთვის ნატოს კარი ღია დარჩება, თუმცა „საქართველო ალიანსის წევრი გახდება გაწევრიანების სამოქმედო პროგრამით (MAP), რაც პროცესის თანმიმდევრული ნაწილია”. MAP-ის მისაღებად საქართველოს კვლავ რეფორმებს სთხოვენ.