Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობა" დატოვა პარტიის 30-მდე წევრმა ხობში


"ნაციონალური მოძრაობის" წევრების ბრიფინგი ხობში
"ნაციონალური მოძრაობის" წევრების ბრიფინგი ხობში

ბათუმის, ზუგდიდისა და ჭიათურის შემდეგ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების ნაწილმაც. ხობში ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ენმ-ის 11-დან 10-მა დეპუტატმა.

როგორც ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ია ჯიშკარიანმა განაცხადა, დეპუტატებთან ერთად პარტია დატოვა ენმ-ის ხობის ორგანიზაციის უმრავლესობამაც, ჯამში 30-მდე წევრმა.

ია ჯიშკარიანის განმარტებით, საკრებულოში ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას და ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობასაც” მალე სახელს გადაარქმევენ.

ენმ-ის ხობის ორგანიზაციის უკვე ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ პარტიის დატოვების “რთული და მტკივნეული” გადაწყვეტილება ენმ-ის ახლანდელ მმართველებთან უთანხმოების გამო მიიღეს. ისინი "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან ერთად აპირებენ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას, თუ ის ახალ პლატფორმას ჩამოაყალიბებს.

“პარტიაში განვითარებულმა არაჯანსაღმა მოვლენებმა გამოიწვია “ნაციონალური მოძრაობის” ე.წ მენეჯმენტსა და ხალხს შორის დაშორება. მოსყიდვებით და ინტრიგებით შექმნეს ხელოვნური კრიზისი, რასაც მოჰყვა ანგარებიანი პერსონების, ფსევდომიშისტების ფსევდოჰუმანიზმზე დაფუძნებული კამპანია. ამან გამოიწვია ღირსეული და მრავალ ბრძოლაგამოვლილი ხალხის გვერდზე გაწევა… ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, წერტილი დავუსვათ ამ პროცესს და ვტოვებთ “ნაციონალურ მოძრაობას”, - განაცხადა დღეს, 6 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე ია ჯიშკარიანმა.

პარტიასთან ერთად საკრებულოს მანდატების დატოვებაზე ენმ-ის ლიდერების განცხადების პასუხად, ჯიშკარიანმა თქვა, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებენ: “რა მანდატები? არ მივიღებ ამას… ჯერ დავალიანებაზე ისაუბრონ, რომელიც აქვს “ნაციონალურ მოძრაობას” ხობის ორგანიზაციაში. ჯერ მოაგვარონ ეს დავალიანება და შემდეგ მივიღებთ პრეტენზიებს”, - თქვა ია ჯიშკარიანმა.

ხობის 36-წევრიან საკრებულოში ოპოზიცია უმცირესობაშია. საკრებულოში 11 მანდატი „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“ ჰქონდა, 21 - „ქართულ ოცნებას“ აქვს, 4 კი - „გახარია - საქართველოსთვის“.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დეკემბრის დასაწყისში ჯერ ბათუმის შემდეგ კი ზუგდიდის და ჭიათურის ორგანიზაციების წევრების ნაწილმა დატოვა. დაპირისპირება პარტიაში დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ჩატარებულიყო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები.

იმ დროისათვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წინადადებას დასთანხმდა და არჩევნებში დამარცხდა. ნიკა მელია ღიად ლაპარაკობდა არაფორმალურ მმართველობაზე "ნაციონალურ მოძრაობაში", თუმცა, ამის მიუხედავად, პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას არ იღებდა.

„საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით“, - თქვა 26 ნოემბერს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა თავის წინამორბედზე.

იმავე დღეს ტელეკომპანია „ფორმულის“ ღამის ეთერში მან განაცხადა, რომ მელიას ჰქონდა დრო, შეერთებოდა პარტიის 23 ნოემბრის მანიფესტს, თუმცა ეს არ გააკეთა და მელიამ „თავად გადაწყვიტა“.

XS
SM
MD
LG