Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრები მხარს უჭერენ რთე/რთ-ის ჟურნალისტს, რუსეთში დაკავებულ ალსუ კურმაშევას


ალსუ კურმაშევა ყაზანის სასამართლოში. 1 დეკემბერი, 2023.
ალსუ კურმაშევა ყაზანის სასამართლოში. 1 დეკემბერი, 2023.

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისათვის მიწერილ წერილში წარმომადგენელთა პალატის რვა წევრი დემოკრატების, ელინორ ჰოლმს ნორტონისა და ადამ შიფის მეთაურობით მოითხოვენ, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების თათრულ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა „არამართლზომიერად დაკავებულად“ იქნეს მიჩნეული.

კურმაშევა აშშ-ისა და რუსეთის მოქალაქეა.

აშშ-ის მოქალაქის არამართლზომიერად დაკავებულად აღიარება ნიშნავს, რომ ვაშინგტონი ოფიციალურად იზრუნებს მის გათავისუფლებაზე.

„ვემყარებით რა ცნობილ ფაქტებს, მიგვაჩნია, რომ ოფიციალური განსაზღვრება გამართლებულია და მნიშვნელოვანია აშშ-ის მთავრობის სრულმასშტაბიანი მონაწილეობისთვის და ყველა შესაბამისი რესურსის გამოსაყოფად კურმაშევასა და მისი ოჯახის მხარდაჭერისთვის მაშინ, როცა გრძელდება ძალისხმევა ახლობლების წრეში მის დასაბრუნებლად“, - აღნიშნულია კანონმდებელთა წერილში, რომელიც თავის პუბლიკაციაში მოჰყავს „ამერიკის ხმას“.

წარმომადგენელთა პალატის წევრებმა სახელმწიფო დეპარტამენტს სთხოვეს, წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია კურმაშევას საქმესთან დაკავშირებით და ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის მცდელობების შესახებ, მიიღოს საკონსულო ხელმისაწვდომობა დაკავებული აშშ-ის მოქალაქისთვის.

რუსეთის ხელისუფლება ჯერჯერობით უარყოფით პასუხს სცემს ამ საკითხის შესახებ მოთხოვნებს.

1 დეკემბერს რუსეთის სასამართლომ კურმაშევას 2024 წლის თებერვლამდე გაუგრძელა წინასწარი პატიმრობის ვადა. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მას ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კურმაშევას მეუღლემ, პაველ ბუტორინმა განაცხადა, რომ მისი მეუღლის „არამართლზომიერად დაკავებულად“ ცნობამ შესაძლოა წვდომა მისცეს დამატებით რესურსებზე, რაც დაეხმარება მის განთავისუფლებას.

ალსუ კურმაშევა 18 ოქტომბერს დააკავეს თათრეთში, როცა ის რუსეთში იმყოფებოდა ოჯახური გარემოებების გამო. რუსეთის ხელისუფლება მას ბრალს სდებს, რომ ის რეგისტრაციაში არ გატარდა როგორც „უცხოეთის აგენტი“.

ბუტორინი ხელმძღვანელობს „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ - რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისა და „ამერიკის ხმის“ ტელეარხსა და ციფრულ ქსელს.

XS
SM
MD
LG