პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც ბუდაპეშტშია ოთხდღიანი ვიზიტით, ამბობს, რომ საქართველო უნგრეთისა და ევროკავშირის მოლაპარაკებებში "ვერ ჩაერევა". ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, ექნება თუ არა გავლენა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის პოზიციას იმაზე, რომ ევროკავშირმა არ უნდა იმსჯელოს უკრაინის საკითხზე.
საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვიზიტი დღეს, 5 დეკემბერს, დაიწყო.
"ევროკავშირისა და უნგრეთის მოლაპარაკებები არის ევროკავშირისა და უნგრეთის საქმე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. საბოლოო ჯამში, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება დადებითი გადაწყვეტილებები მიღებული ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, მათ შორის, უკრაინისა და მოლდოვის სასარგებლოდ და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნას მიღებული საქართველოს სასარგებლოდ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ, რომელიც 14-15 დეკემბერსაა დაგეგმილი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილი მისწერა. 4 დეკემბრით დათარიღებულ წერილში ნათქვამია, რომ საბჭოს შეხვედრაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით".
"ევროკავშირის საბჭოს მიუწოდებენ, მხარი დაუჭიროს ამ დასკვნას, მასზე ყოველგვარი დისკუსიის შესაძლებლობის გარეშე. აშკარაა, რომ ერთობა ვერ შედგება კომისიის დასკვნაზე, რადგან ის ეწინააღმდეგება 2022 წლის 23-24 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნებს. ამდენად, ახალი ვარიანტების შემუშავებაა საჭირო", - წერს ორბანი.
არის მოლოდინი, რომ 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციით მიიღებს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების, საქართველოსთვის კი ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას. დოკუმენტის ბოლო პროექტის მიხედვით, საქართველოსთან დაკავშირებით ნახსენები იქნება ევროკომისიის 9 დათქმაც.
ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტი საქართველოს გარდა, 9 ქვეყანას შეეხება. ესენია: უკრაინა, მოლდოვა, მონტენეგრო, სერბეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო და თურქეთი.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის წინააღმდეგობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის საკითხს, არამედ გაფართოების მთელ პაკეტს.
ევროკავშირის პოლიტიკის ექსპერტების დიდი ნაწილის შეფასებით, ორბანის ერთ-ერთი მიზანი არის ევროკავშირის დაფინანსების აღდგენა, რომელიც შეჩერებულია წლების განმავლობაში ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაში არსებული დარღვევების გამო.
ბუდაპეშტისთვის გაყინული თანხის მოცულობა ევროკავშირის ფონდებში, ჯამში 22 მილიარდი ევროა.
რადიო თავისუფლების ევროპის რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ბრიუსელის წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ უნგრეთის ლიდერი, "დიდი ალბათობით, მომავალ კვირას 13 მილიარდამდე ევროს მიიღებს, მაგრამ საკითხავია, იქნება თუ არა ეს მისთვის საკმარისი, რადგან პირადად არ მოსწონს ზელენსკი და სურს, შეცვალოს ევროკავშირის მთლიანი პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით".
და თუკი უკრაინის საკითხი დადებითად არ გადაწყდება, ეს საქართველოზეც იქონიებს გავლენას: "საქართველოს კანდიდატის სტატუსი რისკის ქვეშაა. უკრაინა გორდიას კვანძია. თუკი უკრაინისთვის მწვანე შუქი არ აინთება მომავალ კვირას, არც სხვებისთვის აინთება, მათ შორის თბილისისთვის", - ამბობს იოზვიაკი.
„[ევროკავშირის] გაფართოება წარმოადგენს გეოსტრატეგიულ წვლილს მშვიდობაში, უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და კეთილდღეობაში.
ეს არის მამოძრავებელი ძალა ევროპელი მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად, ქვეყნებს შორის უთანასწორობის შესამცირებლად და ხელი უნდა შეუწყოს ღირებულებებს, რასაც კავშირი ეფუძნება.
რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ ასევე აჩვენებს, რომ გაფართოება წარმოადგენს სტრატეგიულ პრიორიტეტს“, - წერია დოკუმენტში, რომელიც, ვიქტორ ორბანის წინააღმდეგობის დაძლევის შემთხვევაში, ევროკავშირის ლიდერებმა უნდა დაამტკიცონ.
უკრაინისა და მოლდოვის თავებში ხაზგასმულია ამ ორი ქვეყნის პროგრესი რეფორმებისა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. საქართველოს კი საბჭო მოუწოდებს, „აჩვენოს მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ფასეულობების მიმართ, გააგრძელოს დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები და შეასრულოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პირობები ინკლუზიურად, გააზრებულად და შეუქცევადად იმისთვის, რომ წინ წაიწიოს ევროკავშირში სამომავლო წევრობისკენ“.
"გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნების" პროექტს 12 დეკემბერს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ზოგად საქმეთა და საგარეო ურთიერთობების საბჭოზე განიხილავენ, 14-15 დეკემბერს კი საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ.