Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არ არის საჭირო სოციალურ ქსელში ამ ამბების წერა და კაკუნი კომპიუტერის კლავიშებზე" - კამათი „ოცნების" დეპუტატებს შორის


5 დეკემბერი. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა
5 დეკემბერი. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის დასასრულს, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი გამოეხმაურა დაპირისპირებას, რომელიც მოჰყვა ვეტერანი მოჭიდავის, ლუკა კურტანიძის არდაშვებას ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ყრილობაზე. მეძმარიაშვილმა, სავარაუდოდ, უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიმართ, რომელმაც 4 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში უარყოფითად შეაფასა ჭიდაობის ფედერაციის მოქმედება. კომიტეტის თავმჯდომარისთვის მიუღებელი აღმოჩნდა პოზიციის საჯაროდ გამოხატვა სოციალურ ქსელში.

„ვინც ჩაბმულია ამ არასასიამოვნო სიტუაციაში, მინდა გავახსენო, რომ ჩვენ ვართ ერთი დიდი სპორტული ოჯახი. მასში ბევრი სახეობა შედის, რომელსაც აერთიანებს სამინისტრო ცალკე, ოლიმპიური კომიტეტი - ცალკე და შესაბამისად, ფედერაციები... თუ რაიმე სირთულე წარმოიშობა, მე ვთვლი, ეს ჩემი აზრია, სოციალური ქსელებით ამ საკითხების გარჩევა არ მიმაჩნია სწორად. რაღაც სირცხვილი მგონია, რომ იმან იმას ბრალი დასდო... მით უმეტეს, არ არის პრობლემა, აგერ გეგა გეგეშიძე ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრიც არის, ფედერაციის პრეზიდენტია, დაუძახე და ჰკითხე. არ არის საჭირო სოციალურ ქსელში ამ ამბების წერა და კაკუნი კომპიუტერის კლავიშებზე, - თქვა მეძმარიაშვილმა და დაამატა, - ძალიან სამწუხაროა, ასეთი ამბავი რომ ხდება... მე მოვუწოდებ ყველას, ვისაც ეკუთვნის და ჩართულია ამ საკითხებში, რომ დაანებეთ ამ სოციალურ ქსელებში წერას თავი და ტყუილებით ნუ კვებავთ ამ ხალხს".

მიუხედავად იმისა, რომ საუბრის დამთავრებისთანავე მეძმარიაშვილმა კომიტეტის სხდომა დასრულებულად გამოაცხადა, კომიტეტის თავმჯდომარეს გამოეხმაურა „ქართული ოცნების" დეპუტატი, სპორტის კომიტეტის წევრი შოთა ხაბარელი. მისი აზრით, მეძმარიაშვილის განცხადება ვითარებას ძაბავს.

„იქ საკითხი იყო დაყენებული და ძალიან მშვიდი იყო ორივე მხრიდან - ფედერაციის მხრიდანაც და ოლიმპიური კომიტეტის მხრიდანაც. თქვენ პირდაპირ გადაგაქვთ ოლიმპიურ კომიტეტზე... თქვენი გამოსვლით ძაბავთ სიტუაციას", - მიმართა კომიტეტის თავმჯდომარეს ხაბარელმა, რაზეც მან უპასუხა: „მაგ სიმართლით იარეთ თქვენ". შოთა ხაბარელმა კი განაგრძო: „რას იწყევლები, კაცი ხარ თუ ადამიანი... პირდაპირ ვერ ლაპარაკობ, მაშინ თქვი, ოლიმპიურმა კომიტეტმა გააკეთა ესო".

მეძმარიაშვილმა ხაბარელს კორექტულობისკენ მოუწოდა. ხაბარელმა ამჯერად სექსისტური მიმართვა გამოიყენა: „თქვენ თვითონ იყავით კორექტული, დაძაბეთ სიტუაცია. იწყევლებით ქალივით, რა!"

30 ნოემბერს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო ყრილობაზე დასწრების უფლება არ მისცეს ლუკა კურტანიძეს, მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონს, ორი ოლიმპიური მედლის მფლობელს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. ის ასევე იყო ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან".

კურტანიძე წლებია, სპორტულ საქმიანობას ჩამოშორებულია. როგორც თავად დაწერა ფეისბუკის გვერდზე, ყრილობაზე დასასწრებად რეგიონიდან იმისთვის ჩამოვიდა, რომ სურდა მომავალ ოლიმპიადასთან დაკავშირებული საკითხების გაგება და ფედერაციის თანამშრომლების პირადად მოკითხვა. კურტანიძის თქმით, ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტისთვის, გეგა გეგეშიძისთვის, გაუგებარი აღმოჩნდა მისი იქ ყოფნის მიზეზი და ყრილობის დატოვებისკენ მიანიშნა.

განცხადებაში, რომელიც ოლიმპიურმა კომიტეტმა 4 დეკემბერს გამოაქვეყნა, ვკითხულობთ: „ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი სპორტისთვის თავდადებული და განსაკუთრებული დამსახურების მქონე პიროვნება, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრი, საქართველოს ოლიმპიელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ვახტანგ გორგასლის და ღირსების ორდენების კავალერი ყრილობის დარბაზში საპატიო სტუმრისთვის განკუთვნილ ადგილას დაესვათ, იქ შეკრებილი საზოგადოების თვალწინ ზურგი შეაქციეს და კარისკენ მიუთითეს. ფედერაციის ხელმძღვანელთა ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ვერ გაამართლებს ის ფორმალური მოტივი, რომ კურტანიძე ყრილობაზე მოწვეულთა სიაში არ ყოფილა და არც ის, რომ შესაძლო სტუმრობის თაობაზე ყრილობის ორგანიზატორები წინასწარ არ გაუფრთხილებია. ამ შემთხვევაში, არგუმენტად ვერ გამოდგება ვერც ყრილობის რეგლამენტი (თუ რომელიმე პარაგრაფი ამგვარს ითვალისწინებს), ან შესაბამისი მუხლი ფედერაციის წესდებისა (თუ ასეთი რამ წესდების რომელიმე მუხლით რეგულირდება). ამასთან ერთად, არსებობს ეთიკური და ზნეობრივი კანონები, ურთიერთობის წესი და ელემენტარული კეთილგონიერება, რომელიც გვავალდებულებს პატივი ვცეთ და დავაფასოთ ერთმანეთი, გავუფრთხილდეთ თითოეული ადამიანის სახელს და ღირსებას".

ოლიმპიურმა კომიტეტმა უარყოფითად შეაფასა ჭიდაობის ფედერაციის ყრილობის მედიისთვის დახურვაც.

„ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ჭიდაობის ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელობას ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც ჩვენი საზოგადოების, ქართული სპორტის გულშემატკივრების წინაშე აკისრია. ლუკა კურტანიძესთან დაკავშირებული სამწუხარო ამბავი ერთი ეპიზოდია ამ საერთო სურათში. სხვათა შორის, ფედერაციის ბოლო ყრილობა, როგორც ჩანს, დახურული აღმოჩნდა მედიისთვისაც, რომელსაც, სავარაუდოდ, ექნებოდა ლეგიტიმური კითხვები ჭიდაობაში დღეს არსებულ ვითარებასთან და არაერთი მიმართულებით პოზიციების დათმობასთან დაკავშირებით. მათ შორის, იმასთან დაკავშირებითაც, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშები კარს მოგვადგა, ჩვენ კი, ჯერჯერობით, მხოლოდ ორი ლიცენზიანტი გვყავს ჭიდაობაში", - ნათქვამია ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

ოლიმპიური კომიტეტის შემდეგ განცხადება გაავრცელა საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ.

„ცრუ ბრალდების მიუხედავად, უპასუხოდ დავტოვეთ, მაგრამ რაკი მან ოლიმპიურ კომიტეტს მიმართა და ოლიმპიურმა კომიტეტმა რეაგირება არ დააყოვნა, თავს ვალდებულად ვთვლით, განცხადება ჩვენც გავავრცელოთ.

თავდაპირველად ამ ამბით დაინტერესებულ საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს!

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს კი მივმართავთ თხოვნით, მოერიდოს სიცრუის გავრცელებას, რადგან ეს მხოლოდ მის დისკრედიტაციას იწვევს. ოლიმპიურ კომიტეტს შეეძლო დაეზუსტებინა ინფორმაცია საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასთან ან ყრილობის ნებისმიერ მონაწილესთან, რომლებიც არანაკლებ დამსახურებული სპორტსმენები არიან. არასერიოზულად მიგვაჩნია ოლიმპიური კომიტეტის მიერ „ფეისბუქგვერდზე" გამოქვეყნებული ცრუ განცხადების შეუმოწმებლად გავრცელება", - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

ჭიდაობის ფედერაციამ კურტანიძის საკითხზე განაცხადა: „ერთი წლის წინ, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ელდარ კურტანიძემ საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზე, პირადი პრობლემების გამო, ითხოვა გათავისუფლება, როგორც ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობიდან, ასევე - პრეზიდიუმის წევრობიდან, მერე კი პრეზიდიუმის დატოვების შესახებ განცხადება სოციალური ქსელის პირად გვერდზეც გაავრცელა. სხდომაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ ელდარ კურტანიძეს, პირადი გადაწყვეტილებით, აღარც ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატში მიუღია მონაწილეობა.

მიუხედავად იმისა, რომ ელდარ კურტანიძეს განემარტა პრეზიდიუმიდან გასვლის წესი, მას ფედერაციისთვის წასვლის შესახებ წერილობითი განცხადებით არ მიუმართავს და ამის გამო იურიდიულად კვლავ ჰქონდა პრეზიდიუმის წევრის სტატუსი. 2023 წლის 31 მაისს და 16 ნოემბერს საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმი კვლავ შეიკრიბა. შეტყობინება სხდომაზე მიწვევის შესახებ, ფედერაციის წესდების შესაბამისად, ელდარ კურტანიძემაც მიიღო, მაგრამ იგი პრეზიდიუმის სხდომას არ დასწრებია.

2023 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ყრილობის დაწყებამდე, მან დარბაზში მყოფ ყრილობის დელეგატებს სთხოვა სიტყვით გამოსვლის უფლება და მათ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა. თქვა, რომ ფედერაციაში მოვიდა, რათა ყველას გამომშვიდობებოდა და მადლობელი იყო ყველაფრისთვის. იქვე, საკუთარი ინიციატივით, ხელმეორედ მიიღო ფედერაციის იურისტის კონსულტაცია პრეზიდიუმის დატოვებასთან დაკავშირებით. ელდარ კურტანიძეს კიდევ ერთხელ განემარტა, რომ ან თავად უნდა მისულიყო საჯარო რეესტრში და დაეწერა განცხადება, ან ფედერაციაში წარმოედგინა ნოტარიულად დადასტურებული წერილი პრეზიდიუმიდან წასვლის შესახებ.
ელდარ კურტანიძემ ყრილობის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა, დაემშვიდობა და ფედერაციიდან წავიდა, ყრილობის დამთავრებამდე კი სოციალურ ქსელში, ფეისბუქის პირად გვერდზე ცრუ განცხადება გაავრცელა".

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილზე ძალადობაშია ბრალდებული. ინციდენტი თბილისის სპორტის სასახლეში 2019 წლის 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატის პარალელურად მოხდა. ამ ამბიდან ორიოდ კვირაში ძალადობაში ბრალდებული გეგეშიძე დააკავეს. სასამართლომ ის ორ დღეში გირაოთი (5 000 ლარი) გაათავისუფლა, თან ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

გეგა გეგეშიძესთან დაპირისპირების შემდეგ კარიერის სერბეთში გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო ევროპის ორგზის ჩემპიონმა საქართველოს სახელით, ზურაბ დათუნაშვილმა.

2021-2022 წლებში ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ის 2022 წელს სერბეთის ყველაზე წარმატებულ სპორტსმენად დაასახელეს.

XS
SM
MD
LG