Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანექსირებული ყირიმიდან ათეულობით აფეთქების შესახებ იუწყებიან


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინამ ე.წ. ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდზე პირველი შეტევა 2022 წლის ოქტომბერში მიიტანა
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინამ ე.წ. ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდზე პირველი შეტევა 2022 წლის ოქტომბერში მიიტანა

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში აფეთქებები იყო. ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ცნობებით, გასული ღამის განმავლობაში, ქალაქ ქერჩის მახლობლად სულ მცირე 30 აფეთქება მოხდა. აფეთქებები იყო ფეოდოსიასა და სიმფეროპოლშიც.

ე.წ. ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდთან მდებარე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. 04:25 საათისთვის ყირიმის დე ფაქტო ადმინისტრაციამ ტელეგრამ-არხებით გაავრცელა ცნობა, რომ ხიდზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლა დროებით შეწყდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ადგილობრივი დროით დილის 7 საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით აზოვის ზღვის აკვატორიის და ყირიმის თავზე „გაანადგურეს" 22 უპილოტო საფრენი აპარატი, კიდევ 13 კი „გზად დაიჭირეს“. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ისევ იყენებს სტანდარტულ ფორმულირებას, რომ „აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა“.

უკრაინას ყირიმზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. ამ ეტაპზე არ გავრცელებულა ცნობები აფეთქებებით გამოწვეულ შედეგებზე.

უკრაინას კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებული სამხედრო და სხვა ობიექტები, მათ შორის რუსეთის მიერ აშენებული ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდი, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა.

XS
SM
MD
LG